Top
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ILAC 2018

ონლაინ დახმარება

სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემებში 
იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის შესახებ 
მესამე საერთაშორისო კონფერენცია

13 – 15 ნოემბერი, 2018
  თბილისი, საქართველო  


დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ კონფერენციის ვებგვერდს: www.ilac2018.ge  

1.    ზოგადი ინფორმაცია

საქართველოს პარლამენტი და იურიდიული დახმარების სამსახური, საერთაშორისო სამართლებრივ ფონდთან, ღია საზოგადოება სამართლებრივ ინიციატივასთან, გაეროს განვითარების პროგრამასთან და გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსთან ერთად, აგრეთვე – ფონდ ღია საზოგადოება საქართველოსთან, აშშ–ის საერთაშორისო სააგენტოს მიერ დაფინანსებულ და  აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ განხორციელებულ პროექტთან „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“, ევროკავშირთან, ევროსაბჭოს პროექტთან „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ და გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, უმასპინძლებენ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემებში იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის შესახებ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც 2018 წლის 13–15 ნოემბერს თბილისში გაიმართება. კონფერენცია მიეძღვნება გლობალურ გამოწვევებს ღარიბი და მოწყვლადი ჯგუფებისათვის ხარისხიანი იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სფეროში, კერძოდ, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემებში. ეს სამდღიანი ღონისძიება იქნება ამ ტიპის რიგით მესამე საერთაშორისო კონფერენცია, 2014 წლის ივნისში, სამხრეთ აფრიკაში, იოჰანესბურგში ჩატარებული პირველი კონფერენციის და 2016 წლის ნოემბერში, არგენტინაში, ბუენოს აირესში ჩატარებული მეორე კონფერენციის შემდეგ.


2.    იურიდიული დახმარების უფლება სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემებში


გადახდისუუნარო ბრალდებულისათვის სისხლის სამართლის საქმეზე უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლების მინიჭება სამართლის ფართოდ დამკვირდებულ პრინციპს და სამართლიანი სასამართლოს უფლების აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს. იურიდიული დახმარება ქმნის საფუძველს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სამართლიანი, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული, ეფექტური სისტემისათვის. იურიდიული დახმარების ქმედით სისტემას, როგორც მართლმსაჯულების სისტემის ნაწილს, შეუძლია ხელი შეუწყოს პოლიციის განყოფილებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში ეჭვმიტანილთა დაკავების ხანგრძლივობის შემცირებას, სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და სასამართლოების განტვირთვას, ასევე - შეამციროს უსამართლო განაჩენების გამოტანის შემთხვევების და განმეორებითი დანაშაულებისა და ხელახალი ვიქტიმიზაციის რაოდენობა. იურიდიული დახმარების მეშვეობით ასევე შესაძლებელია დაზარალებულთა და მოწმეთა უფლებების დაცვაც. 

ეს საერთაშორისო კონფერენცია ხაზს გაუსვამს გლობალურ ძალისხმევას, რომელიც სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემებში იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის შესახებ 2012 წლის 20 დეკემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებულ გაეროს პრინციპებისა და სახელმძღვანელო წესების დანერგვას ეხება. გაეროს პრინციპებისა და სახელმძღვანელო წესების თანახმად, სახელმწიფოებმა უნდა შექმნან ყოვლისმომცველი იურიდიული დახმარების სისტემები, რომელიც იქნება  ხელმისაწვდომი და ეფექტინი, იმოქმედებს მთელს ქვეყანაში  და  მოემსახურება ყველას, დისკრიმინაციის გარეშე. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებების საერთაშორისო პაქტის მე–14 მუხლის და გაეროს პრინციპებისა და სახელმძღვანელო წესების შესაბამისად, სახელმწიფოების უმრავლესობაში საკანონმდებლო დონეზე გარანტირებულია სასამართლოში უფასო წარმომადგენლობა ღარიბი და მოწყვლადი პირებისათვის, რომლებსაც ბრალად სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა ედებათ. მიუხედავად ამისა, ყველა სახელმწიფოში არის გამოწვევები ამ უფლების განხორციელების კუთხით, მათ შორის, ფინანსური რესურსების შეზღუდულობის, ადვოკატთა სიმცირის, იურიდიული დახმარების დაბალი ხარისხის, არასაკმარისი სწავლებისა და ეფექტური სასამართლო წარმომადგენლობის მნიშვნელობის შესახებ დაბალი ინფორმირებულობის თვალსაზრისით. იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობას აბრკოლებს ისიც, რომ ამ უფლების შესახებ საზოგადოების ცნობიერება ხშირად დაბალია, გარდა ამისა, იურიდიული დახმარების მიმართ საზოგადოების ნდობაზე უარყოფით გავლენა შეიძლება იქონიოს რიგმა მიზეზებმა, მათ შორის, არაობიექტურმა მიდგომამ, პროცედურების სირთულემ და მომსახურების ხარისხთან დაკავშირებულმა პრობლემებმა. 

იურიდიული დახმარება აუცილებელი საშუალებაა მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის თანაბარად უზრუნველყოფისათვის. იქ სადაც იურიდიული დახმარების და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა საკმარისად უზრუნველყოფილი არ არის, ადამიანები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, მშვიდობიანად გადაწყვიტონ თავიანთი სამართლებრივი პრობლემები და, ამის ნაცვლად, შესაძლოა, ძალადობისა და კონფლიქტების გზას მიმართონ. იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის კუთხით გლობალური კრიზისის პირობებში, მილიონობით ღარიბი და მარგინალიზებული ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით ხშირად ხდება უკანონო და ხანგრძლივი დაკავების, წამების, დანაშაულის აღიარების იძულების და უსამართლო განაჩენის მსხვერპლი. ღარიბი ადამიანები, როგორც წესი, უფრო ხშირად ხვდებიან წინასწარ პატიმრობაში, რასაც მძიმე სოციალური, ეკონომიკური და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მოჰყვება, რადგან მათ არ შეუძლიათ გირაოს, ჯარიმის ან სხვა გადასახადის გადახდა. ბევრ ქვეყანაში, პოლიცია არაპროპორციულად ხშირად აკავებს მარგინალიზებული ჯგუფის წევრებს, მათ შორის, რესობრივ, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს. მარგინალიზებული ჯგუფების წევრები შესაძლოა ასევე გახდნენ არაპროპორციული სამართლებრივი დევნის, არასამართლიანი სასამართლო განხილვისა და ჩადენილი დანაშაულის არათანაზომიერი სასჯელის მსხვერპლნი. გარდა ამისა, ვერ ხერხდება იურიდიული დახმარების საჭიროების დაკმაყოფილება, როდესაც საქმე დანაშაულის მსხვერპლთა და მოწმეთა, ასევე ქალთა, ბავშვთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, აგრეთვე - სამოქალაქო და საოჯახო პრობლემების მქონე პირთა სპეციალიზებულ საჭიროებებს ეხება.  

3.    კონფერეციის მიზნები და სასურველი შედეგები


ეს კონფერენცია, რომელიც, ღარიბი და მოწყვლადი ჯგუფებისათვის სისხლის სამართლის საქმეებზე იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის საკითხზე არსებული გამოწვევების, საუკეთესო პრაქტიკისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების გაზიარების მიზნით ტარდება, თავს მოუყრის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, იურიდიული დახმარების მიმწოდებლებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და ექსპერტებს, და ფოკუსირებული იქნება პრაქტიკულ და მიღწევად შედეგებზე. კონფერენცია დაეყრდნობა წინა ორ კონფერენციაზე გამართულ პრეზენტაციებსა და დისკუსიებს, და მიეძღვნება ბოლო წლებში იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის განმტკიცების მიმართულებით გაწეულ გლობალურ, რეგიონულ და ცალკეული სახელმწიფოების ძალისხმევას. 

კონფერენცია ხელს შეუწყობს მონაწილეებს, შეიმუშავონ კონკრეტული, მოქმედებაზე ორენტირებული გეგმები, რომელიც მიმართული იქნება იურიდიული დახმარების მიწოდებასთან, ასევე – გაეროს პრინციპებისა და სახელმძღვანელო წესების შესრულებასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევაზე. კონფერენცია ასევე წაახალისებს მონაწილეებს, იმსჯელონ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მათ მიერ დასახულ გეგმებში სხვა მექანიზმებისა და ინიციატივების ინტეგრირება, როგორებიცაა: 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მე–16 მიზნის მე–3 ამოცანა, რომელიც, საყოველთაოობის პრინციპის საფუძველზე, კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას გულისხმობს, ასევე – გენერალური ასამბლეის უკანასკნელი რეზოლუცია მშვიდობის ხელშეწყობის შესახებ, ღია მმართველობის პარტნიორობის ეროვნული სამოქმედო გეგემბი, იურიდიული დახმარების საერთაშორისო ქსელი, აგრეთვე – მსგავსი პლატფორმები და ქსელები.

კონფერენციის დასასრულს, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ დეკლარაცია, რომელშიც ისინი დაადასტურებენ თავიანთ მზადყოფნას, გაატარონ ღონისძიებები იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად როგორც ეროვნულ დონეზე, ისე რეგიონულ და საერთაშორისო დონეებზე. 

4.    კონფერენციის თემები 


კონფერენციის სესიები შემდეგ თემებს შეეხება: (1) იურიდიული დახმარების სისტემების მმართვისა და ადმინისტრირების ეფექტური მოდელები; (2) იურიდიული დახმარების მიმწოდებლების და სისტემების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მექანიზმები; (3) ადვოკატთა ასოციაციებისა და კერძო სექტორის როლი იურიდიულ დახმარებაში, მათი თანამშრომლობა სახელმწიფოს ხარჯზე მოქმედ იურიდიული დახმარების მიმწოდებლებთან; (4) იურიდიული დახმარების წარმომადგენლობის ხარისხის გაზომვის და გაუმჯობესების საუკეთესო პრაქტიკა; (5) იურიდიული დახმარების  სისტემის მონიტორინგისა და შეფასების სტანდარტები; (6) იურიდიული დახმარებით სარგებლობისათვის პირის უფლებამოსილების სტანდარტების განსაზღვრის საუკეთესო პრაქტიკა; (7) წინასწარი პატიმრობის შემცირების სტრატეგიები, მათ შორის, იურიდიულ დახმარებაზე ადრეული წვდომის უზრუნველყოფა; (8) საყოველთაოობის პრინციპის შესაბამისად, სპეციალური ღონისძიებების გატარება უკიდურესად ღარიბი, მარგინალიზებული, მოწყვლადი და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ჯგუფებისათვის იურიდიული დახმარებაზე ხელმისაწვდომობის სრულფასოვნად უზრუვენლყოფის მიზნით; (9) ბავშვზე მორგებული იურიდიული დახმარების სისტემის ძირითადი კომპონენტები; (10) იურიდიული დახმარების როლი აღდგენით მართლმსაჯულებაში, მედიაციასა და დავების გადაწყვეტის ალტერნატიულ მექანიზმებში; (11) იურიდიული დახმარების უზრუნველყოფა დაზარალებულებისა და სხვებისათვის; (12) ინოვაციური მიდგომები იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად; (13) ბრალდებულთა უფლებების დაცვის ინოვაციური სტრატეგიები, მათ შორის, საპროცესო შეთანხმება და სტარეტეგიული სამართალწარმოება; (14) იურიდიული დახმარების და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული გამოწვევები ტერორიზმის და სხვა მნიშვნელოვან საქმეებში; (15) იურიდიული დახმარების საერთაშორისო ქსელის განვითარება; და (16)  იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და გაზომვა მდგრადი განვითარების მე–16 მიზნის მე–3 ამოცანის შესაბამისად. 

მიუხედავად იმისა, რომ კონფერენცია ძირითადად ფოკუსირებული იქნება იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობაზე სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემებში, ის ასევე მისცემს შესაძლებლობას მონაწილეებს, განიხილონ იურიდიული დახმარების უზრუნველყოფის საკითხი სამოქალაქო სამართლის სფეროშიც, რამდენადაც სამთავრობო და არასამთავრობო აქტორები ხშირად ახდენენ სტრატეგიების, დაფინანსების და ადმინისტრირების საკითხების კოორდინირებას სისხლის სამართლის და სამოქალაქო საქმეებზე იურიდიული დახმარების უზრუნველსაყოფად.