Top
ონლაინ დახმარება

 

დევნილთა ოჯახებს საცხოვრებელი ფართის მიღების შანსი გაუჩნდათ

თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი თამარ კუპატაძე მოქალაქეთა განცხადების საფუძველზე ახორციელებდა სამაჩაბლოდან დევნილი  ზ. მ.-ს და აფხაზეთიდან დევნილი  გ.კ.-ს ინტერესების დაცვას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგლებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან დავაში. 

ორივე მათგანი აღნიშნული სამინისტროსგან წლების განმავლობაში ითხოვდა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას.  

ზ.მ. ჯერ კიდევ 1991 წლიდან არის სამაჩაბლოდან დევნილი პირი, დაახლოებით 10 წლის განმავლობაში ცხოვრობდა ქარელის რაიონის ერთ-ერთი სოფლის მიტოვებულ ბინაში, თუმცა მეპატრონე დაბრუნდა და დევნილი კაცი იძულებული გახდა,  ჯანმრთელობისათვის საზიანო პირობებში, ყოფილი სიძის ეზოში მდებარე საკუჭნაოში ეცხოვრა. თუმცა მას ყოფილ სიძესთან კონფლიქტი ჰქონდა და პერიოდულად იძულებული ხდებოდა ღამე სხვადასხვა მეზობელთან შეეფარებინა თავი. ამიტომაც ზ.მ.-მ მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგლებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისთვის, რაზეც უარი მიიღო. 

ასევე უარი ეთქვა საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე მეორე ბენეფიციარს - აფხაზეთიდან დევნილ, სოციალურად დაუცველ, ონკოლოგიურ ავადმყოფ ქალს - გ.კ.-ს, რომელიც თავის ქალიშვილთან ერთად, 27 წლის განმავლობაში, ძმის ოჯახში შევიწროებულად ცხოვრობს. 

ორივე ბენეფიციარმა დახმარებისთვის  თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს მომართა. 

საზოგადოებრივმა ადვოკატმა თამარ კუპატაძემ მოამზადა სარჩელები და მოპოვებულ მტკიცებულებებთან ერთად, მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. იგი ითხოვდა, ბათილად ცნობილიყო  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგლებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ის გადაწყვეტილებები, რომლების  თანახმად, ზ.მ.-სა და  გ.კ.-ს უარი ეთქვათ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე საქმეზე გაითვალისწინა ადვოკატის პოზიცია და მისი სარჩელები სამაჩაბლოდან დევნილი ბენეფიციარის საქმეზე  სრულად, ხოლო აფხაზეთიდან დევნილი ბენეფიციარის საქმეზე კი - ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ბათილად იქნა ცნობილი სამინისტროს მიერ გამოცემული ორივე აქტი და სამინისტროს დაავალა ზ.მ.-ს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა და ბენეფიციარ გ.კ.-ს საკითხის ხელახალი გამოკვლევა. 

აღნიშნული გადაწყვეტილებები სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგლებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ, თუმცა მეორე ინსტანციის სასამართლომ ისინი ძალაში დატოვა.  შესაბამისად, დევნილთა ოჯახებს საცხოვრებელი ფართის მიღების შანსი გაუჩნდათ.