Top
ონლაინ დახმარება

 

ჭიათურაში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

25 თებერვალს ჭიათურის მუნიციპალიტეტში (ნინოშვილის ქ. 5ა) იურიდიული დახამრების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა.

ჭიათურისა და  მასში შემავალი 60 სოფლის 40 ათასამდე მაცხოვრებლისთვის უფასო სამართლებრივი დახმარება უფრო ხელმისაწვდომი გახდა. აქამდე ჭიათურის მოსახლეობა ქუთაისისა და ზესტაფონის ბიუროებისა და  საჩხერის საკონსულტაციო ცენტრის მომსახურებით სარგებლობდა. დღეიდან იურიდიულ დახმარების მიღებას ისინი მუნიციპალიტეტიდან გაუსვლელად შეძლებენ.   

საკონსულტაციო ცენტრში იმუშავეს ერთი იურისტ-კონსულტანტი და ის სამართლებრივ რჩევებს ნებისმიერი პირისთვის გასცემს. მათ შორის: მიწის და უძრავი ქონების რეგისტრაცია, მემკვიდრეობა, ბანკებთან ურთიერთობა, შრომითი დავები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, მხარდამჭერად დანიშვნის საკითხები  და სხვა აქტუალური პრობლემები.

გახსნის ცერემონიაზე მოსულ ადგილობრივებს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, რაჟდენ კუპრაშვილმა სამსახურის კონსულტანტი სალომე გიორგაძე წარუდგინა. 

რაჟდენ კუპრაშვილი (იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი): „იურიდიული დახმარების სამსახური თანდათანობით ზრდის სერვისების ტერიტორიულ ხელმისაწვდომობას, რაც გულისხმობს ახალი ოფისების გახსნას, განსაკუთრებით იმ დასახლებებში, სადაც პოტენციური ბენეფიციარების რიცხვი მრავლადაა. ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, კვალიფიციური იურისტებისგან მიიღოს კონსულტაციები, იურიდიული დახმარება და სამართლებრივად გადაჭრან მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემატური საკითხები“. 

საკონსულტაციო ცენტრის გახსნის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები, ადგილობრივი მოსახლეობა. 

ჭიათურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 40 ათასამდე ადამიანიდან 15 ათასზე მეტი გადახდისუუნარო პირია, რომლებიც იურიდიული დახმარების სამსახურის ბენეფიციარები არიან.
დღესვე, იურიდიული დახმარების სამსახურმა წამოიწყო საინფორმაციო კამპანია სახელწოდებით „იცოდე შენი უფლება 18 წლამდე“. კამპანიის მიზანია სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება არასრულწლოვნებს შორის.  სამსახურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ არასრულწლოვანთა უფლებების დაცვაა.

იურიდიული დახმარების სამსახური, როგორც უფასო სამართლებრივი დახმარების გამწევი სახელმწიფო ორგანიზაცია, მთლინად ჩართულია როგორც ბავშვის უფლებათა კოდექსით, ასევე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციით გათვალისწინებული საკითხების ეფექტურად განხორციელების პროცესში. 

არასრულწლოვნებისთვის სამსახური ითვალისწინებს შემდეგ სერვისებს:  არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის /გამართლებლის /დაზარალებულის /მოწმის ინტერესების დაცვა სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე; არასრულწლოვანი პირის ინტერესების დაცვას სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებთან დაკავშირებით. 

კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია იურისტების შეხვედრები საჯარო სკოლების უფროსკლასელეთან მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათთვის ინფორმაციის მიწოდება ბავშვთა უფლებების, ბულინგის, დისკრიმინაციის, ტოლერანტობის, გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობის, განრიდების და მედიაციის შესახებ და დისკუსიის გამართვა არასრულწლოვანებისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე.

საინფორმაციო კამპანიის პირველი შეხვედრები ჭიათურის მე-2 და მე-5 საჯარო სკოლებში გაიმართა.

იურიდიული დახმარების სამსახური უფასო სამართლებრივი დახმარების გამწევი სახელმწიფო ორგანიზაციაა. იურიდიული კონსულტაცია ხელმისაწვდომია ყველა პირისთვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, ხოლო გადახდისუუნარო პირებისათვის ხორციელდება სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა და საადვოკატო მომსახურების გაწევა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში.

დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით იურიდიული დახმარების სამსახურის სამსახურის 13 ბიურო და 10 საკონსულტაციო ცენტრი ფუნქციონირებს.