Top
ონლაინ დახმარება

 

იურისტები სოფელ არბოს მცხოვრებლებს შეხვდნენ

უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხები, სოციალური დახმარებები, საბანკო ურთიერთობები - ამ საკითხებზე გამახვილდა ყურადღება გორის რაიონში,  გამყოფი ხაზის პირა სოფელ არბოში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც 30 ივლისს ჩატარდა.

შეხვედრა ორგანიზებული იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ. გორის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა გიგა ჯეირანაშვილმა და კონსულტანტმა ნინო მასურაშვილმა მოქალაქეებს დეტალურად აუხსნეს, თუ როგორ შეუძლიათ ისარგებლონ იურიდიული დახმარების სამსახურის მომსახურებით. რამდენიმე ბენეფიციარს გაეწია პირადი კონსულტაციაც. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ შსს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის, მსხვერპლთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლები.

აღნიშნული შეხვედრები უკვე მეოთხე წელია გრძელდება - "ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოების შესახებ" გაეროს რეზოლუციის შესაბამისად, რომელიც კონფლიქტისპირა ზონის მოსახლეობისათვის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.