Top
ონლაინ დახმარება

 

აზერბაიჯანელი ეროვნების ბრალდებული სრულად გამართლდა

კახეთის–სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი  არჩილ ტუხაშვილი, 2017 წლის ივნისის თვიდან სავალდებულო დაცვის წესით იცავდა საგარეჯოს ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები, ეროვნებით აზერბაიჯანელი მამაკაცის - მ.მ.-ს ინტერესებს. 

მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა–115-ე მუხლებით,  რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე.  

ბრალდების მხარის განცხადებით, მ.მ.-ს ქალიშვილი ფ.კ., თავის მეუღლეს  დაშორდა  და მცირე ხნით საცხოვრებლად გადავიდა მშობლების საცხოვრებელ სახლში. გარკვეული პერიოდის შემდეგ  წყვილმა შერიგება გადაწყვიტა, თუმცა მამა წინააღმდეგი იყო და ამის გამო შვილთან კონფლიქტი მოუვიდა.

ცოტა ხნის შემდეგ ფ.კ.-მ თვითმკვლელობა სცადა, რაც ტრაგიკულად დასრულდა.  ბრალდების მხარე დამნაშავედ მიიჩნევდა მამას.

ადვოკატი არჩილ ტუხაშვილი იცავდა ბენეფიციარის ინტერესებს გამოძიებაშიც და   სასამართლოშიც. იგი მონაწილეობდა, როგორც საგამოძიებო მოქმედებებში, ასევე პირველი წარდგენის, წინასასამართლო  და  არსებითი განხილვის სხდომებში.

საქმეზე ჩატარდა 18 არსებითი განხილვის სხდომა. სასამართლოში დაკითხული მოწმეთა და დაზარალებულების ჩვენებების, ასევე წერილობითი მტკიცებულებების შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, დაცვის მხარემ დაარწმუნა სასამართლო, რომ  მ.მ.- ს მხრიდან  ადგილი არ ჰქონია ოჯახის წევრის თვითმკვლელობამდე მიყვანას, მსხვერპლისადმი მიმართ სასტიკ მოპყრობით.

სასამართლომ სრულად გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტები და მ. მ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ.   სიღნაღის რაიონული სასამართლომ მის მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.

აღნიშნულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.