მცხეთა-მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი ქეთევან თალაკვაძე სავალდებულო წესით  იცავდა არასრულწლოვან  გ.ტ.-ს ინტერესებს.

ბრალდების დადგენილების მიხედვით, აღნიშნული პირი თანამზრახველთან ერთად, თანხის დაუფლების მიზნით, ქალაქ მცხეთაში მდებარე ერთ-ერთი სუპერმარკეტის  ჩასარიცხი აპარატის დაზიანებას ცდილობდა, თუმცა პატრულის მოსვლის შემდეგ არასრულწლოვნებმა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს. 

საზოგადოებრივმა ადვოკატმა ქეთევან თალაკვაძემ, დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის, გასაუბრების და დაცვის სტრატეგიის შემუშავების შემდეგ,  პროკურატურას წარუდგინა გ.ტ.-ს  ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია, სადაც აღნიშნულია, რომ  არასრულწლოვანი დაავადებულია ეპილეფსიით და გამოძიების ეტაპზევე დააყენა შუამდგომლობა ზედამხედველ პროკურორთან ბრალდებულის განრიდება-მედიაციის პროგრამაში  ჩართვასთან დაკავშირებით. პროკურატურამ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის არგუმენტაცია განრიდების გამოყენებასთან დაკავშირებით. 

საბოლოოდ, საქმის არსებითი განხილვისას საზოგადოერივმა ადვოკატმა კვლავ დააყენა შუამდგომლობა განრიდების მოტივით საქმის პროკურატურისათვის დაბრუნების მოთხოვნით, რაც სრულად გაიზიარა  სასამართლომ  და არასრულწლოვან გ.ტ-სთან გაფორმდა განრიდება–მედიაციის ხელშეკრულება, ხოლო  პროკურორმა გამოიტანა დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.