ცხელი ხაზი: 292 00 55
იურიდიული დახმარების სამსახურის მართვის, მისი ფუნქციების ეფექტიანი შესრულების, სამსახურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით იქმნება კოლეგიური ორგანო - იურიდიული დახმარების საბჭო (შემდგომ − საბჭო). საბჭო შედგება 9 წევრისაგან, რომელთაგან:
საბჭოს წევრი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი, გარდა საბჭოს იმ წევრისა, რომელიც იმავდროულად იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატია. აღნიშნული წევრი შეირჩევა 1 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ, გარდა საბჭოს იმ წევრისა, რომელიც იმავდროულად იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატია. საბჭოს სხდომა საჯაროა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, განსახილველი საკითხის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს სხდომის დახურვას. საბჭო იკრიბება 2 თვეში ერთხელ მაინც.
საბჭო უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა არანაკლებ ორი მესამედი. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით. თუმცა განსაზღვრულ შემთხვევებში გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის ხმა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
იურიდიული დახმარების საბჭოს ძირითადი ფუნქციებია: იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის არჩევა და განსაზღვრულ შემთხვევებში მისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა; სამსახურის სტრატეგიის დამტკიცება და მისი შესრულების მონიტორინგი; იურიდიული დახმარების სამსახურის და საბჭოს შესაბამისი დებულებების დამტკიცება; იურიდიული დახმარების ბიუროს/საკონსულტაციო ცენტრის შექმნა და გაუქმება, აგრეთვე მათი სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრა; სამსახურის საშტატო ნუსხის დამტკიცება; ყოველი საბიუჯეტო წლის ბოლოს სამსახურის საქმიანობის შესახებ დირექტორის ფინანსური ანგარიშის მოსმენა და ა.შ.
საბჭოს ემსახურება სამდივნო, რომლის საშტატო ნუსხას ამტკიცებს საბჭო, ხოლო სამდივნოს თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი. სამდივნოს თანამშრომლები სამსახურის თანამშრომლები არიან.
იურიდიული დახმარების საბჭო საკუთარი შემადგენლობიდან, 1 წლის ვადით ირჩევს საბჭოს თავმჯდომარეს, რომელიც აირჩევა საბჭოს სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით. ერთი და იგივე პირი თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.