ცხელი ხაზი: 292 00 55
2005-2007 წლებში განხორციელდა უფასო იურიდიული დახმარების ახალი მოდელის პილოტირება, რომელიც შეიქმნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით და მოიცავდა 2 ტერიტორიულ ბიუროს (თბილისი და იმერეთის-ზესტაფონი).
2007 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი “იურიდიული დახმარების შესახებ“.
2009-2013 წლებში იურიდიული დახმარების სამსახური გახდა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2005-2014 წლებში იურიდიული დახმარების სამსახურის ტერიტორიული გაფართოება 2 ბიუროდან გაიზარდა 18 ოფისამდე.
2009 წელს ჩამოყალიბდა მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრი.
იურიდიული დახმარების სამსახურის სტრატეგია ხორციელდება 2015 წლიდან, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში. იურიდიული დახმარების რეფორმას 4 ძირითადი მიზანი აქვს:
1. სამსახურის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა
2013 წლის დეკემბერში „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, სამსახური გავიდა აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემიდან და ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. სამსახურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა კოლეგიური ორგანო - იურიდიული დახმარების საბჭო.
2. იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდა
ბენეფიციართა საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, მნიშვნელოვანია იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდა. ამისათვის, 2015 წლიდან გაფართოვდა სამსახურის მანდატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე. ასევე, მოხდა სამსახურის სამოქმედო ტერიტორიის გაფართოება გეოგრაფიულად იზოლირებულ, მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. 2016 წელს კახეთის რეგიონში გაიხსნა კიდევ ერთი - სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიურო.
3. მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა
მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა და თანამშრომლობა იურიდიული დახმარების სხვა მიმწოდებლებთან, საზოგადოებრივი ადვოკატების სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში, სამსახურის მენეჯმენტის სისტემის დახვეწა, თანამშრომელთა უწყვეტი პროფესიული გადამზადება, მათ შორის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებში.
4. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება
საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად იურიდიული დახმარების სამსახური განაგრძობს მოსახლეობის ინფორმირებას სამსახურის აქტივობების, მიმდინარე რეფორმებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ამ მიზნით, გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, სამსახური ახდენს ვებგვერდის მუდმივ განახლებას.