იურიდიული დახმარების საბჭო, იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაცია და სამსახურში მომუშავე საზოგადოებრივი ადვოკატები განაგრძობენ მსჯელობას მომსახურების ხარისხის მონიტორინგის შესახებ. ამ თემაზე 11 ივლისს გაიმართა მორიგი სამუშაო შეხვედრა, რომლის მონაწილეებიც ბრიტანეთში არსებულ ხარისხის მონიტორინგის მოდელებს გაეცნენ.

ბრიტანული გამოცდილება კოლეგებს გაუზიარეს ადვოკატებმა,ზაქრო გვიშიანმა და იოსებ გაბარაევმა, რომლებიც, იურიდიული დახმარების საბჭოს წევრებსა და სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად, USAID/PROLoG-ის ორგანიზებით, 19–26 ივნისს  შოტლანდიასა და ინგლისში იმყოფებოდნენ და შეისწავლეს, როგორ ხორციელდება სისხლის სამართლის და სამოქალაქო სამართლის საქმეებზე გაწეული იურიდიული დახმარების ხარისხის მონიტორინგი.

საქართველოსთვის ბრიტანეთის გამოცდილება მეტად აქტუალურია. სწორედ შოტლანდიურ მოდელს ეყრდნობა იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების ის სისტემა, რომელიც საქართველოში 2016 წლის მარტიდან ამოქმედდა. შოტალნდიური და ქართული მოდელები იყენებენ ე.წ. Peer review–ს მეთოდოლოგიას, რომელიც გულისხმობს საზოგადოებრივი ადვოკატების საქმიანობის შეფასებას მათივე კოლეგა იურისტების მიერ.

გაწული მომსახურების შეფასების მიზანია სამუშაოს შესრულების ხარისხის, ეფექტიანობის და დროულობის განსაზღვრა, ასევე, ადვოკატთა ტრენინგების საჭიროების გამოვლენა, წახალისება და სხვა.

USAID/PROLoG აქტიურად უჭერს მხარს იურიდიული დახმარების სამსახურს ხარისხის მონიტორიგნის სისტემის დანერგვაში.