ცხელი ხაზი: 292 00 55
იურიდიული დახმარების სამსახურმა წარმატებით დაასრულა "იურიდიული საქმისწარმოების მართვის საინფორმაციო სისტემის – CaseBank“–ის განახლების პროცესი, რის შედეგადაც, სამსახურში მომუშავე სამოქალაქო სპეციალიზაციის ადვოკატები, სისხლის სამართლის სპეციალიზაციის ადვოკატების მსგავსად, საქმისწარმოებასა და ანგარიშგებას ელექტრონულად განახორციელებენ. CaseBank–ი განახლება, გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, უზრუნველყო კომპანია „იდეა დიზაინ ჯგუფმა“.
განახლებული კომპიუტერული პროგრამის დანერგვის მიზნით, 17–18 სექტემბერს, CaseBank–ში მუშაობის უნარ–ჩვევებზე იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებისთვის საორიენტაციო ტრენინგები ჩატარდა. 19 სექტემბერს კი – იურიდიული დახმარების საბჭომ CaseBank–ში განხორციელებული ცვლილებები ოფიციალურად დაამტკიცა.
"იურიდიული საქმისწარმოების მართვის საინფორმაციო სისტემის“ განახლების საჭიროება გაჩნდა 2015 წლიდან, როდესაც იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებს დაევალათ არა მხოლოდ სისხლის სამართლის, არამედ სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების წარმოებაც. განახლებული CaseBank–ი ჩაანაცვლებს მანადე არსებულ ანგარიშგების ფორმებს, რომლებსაც სამოქალაქო სპეციალიზაციის ადვოკატები ყოველთვიურად ავსებდნენ.
CaseBank–ი იურიდიული დახმარების სამსახურში 2014 წლიდან, გაეროს განვითარების პროგრამისა და ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით დაინერგა. კომპიუტერული პროგრამა თავს უყრის მონაცემებს იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ წარმოებული საქმეების, გაწეული კონსულტაციებისა და შედგენილი დოკუმენტების შესახებ. პროგრამის მეშვეობით შესაძლებელია სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ანალიზი.