სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახური, რომელმაც, გასულ წლიდან, დაიწყო უფასო საადვოკატო მომსახურების გაწევა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე, სამოქალაქო სპეციალიზაციის ადვოკატთა მეორე ნაკადის მისაღებად, კონკურსს ატარებს. ახალი თანამშრომლების შერჩევის ფარგლებში, დღეს, იუსტიციის სასწავლო ცენტრში, კონკურსის მეორე ეტაპი – ტესტირება გაიმართა.

ადვოკატის 18 ვაკანტურ ადგილზე განაცხადი გააკეთა 280–ზე მეტმა იურისტმა, რომელთაგან 87 აპლიკანტი დაშვებულ იქნა  ტესტირებაზე. მაღალი შედეგების მქონე კანდიდატები მიწვეულნი იქნებიან კონკურსის მესამე ეტაპზე – გასაუბრებაზე, რის შედეგადაც, საბოლოოდ, 5 ადვოკატი მუშაობას დაიწყებს იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროში, ორ–ორი ადვოკატი დაემატება რუსთავისა და ქუთაისის ბიურობს, დანარჩენ 9 ბიუროში კი დაგეგმილია სამოქალაქო სპეციალიზაციის მქონე თითო ადვოკატის მიღება.

სამოქალაქო სპეციალიზაციის ადვოკატები უფასო იურიდიულ დახმარებას უზრუნველყოფენ საოჯახო და სამემკვიდრეო დავებზე, ასევე – სოციალური დახმარების, პენსიის და დევნილთა უფლებების საკითხებზე. ისინი ასევე განახორციელებენ ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე პირთა სავალდებულო დაცვას, ასევე – უზრუნველყოფენ სასამართლო წარმომადგენლობას იმ უცხოელთათვის, რომელთა მიმართაც განიხილება თავშესაფრის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება–შეწყვეტის საკითხები.

იურიდიული დახმარების სამსახურმა სამოქალაქო სპეციალიზაციის ადვოკატების პირველი ნაკადი 2015 წლის აპრილში მიიღო, როდესაც კანონმდებლობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა გადახდისუუნარო მოქალაქეებს მისცეს შესაძლებლობა, უფასო საადვოკატო მომსახურება არა მხოლოდ სისხლის, არამედ – სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზეც მიეღოთ.

სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახური მოქალაქეებს უფასო საადვოკატო მომსახურებით და სამართლებრივი კონსულტაციებით მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს. იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების ქსელი საქართველოს 19 ქალაქს მოიცავს.