ცხელი ხაზი: 292 00 55
18 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები საგადასახადო სამართლის საკითხებზე ორგანიზებულ ტრენინგს დაესწრნენ. სწავლება ჩატარდა ევროკავშირის და გაეროს ერთობლივი პროგრამის – „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში.
ტრენინგს უძღვებოდა „საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის“ ექსპერტი – აკაკი ჩარგეიშვილი. მან ისაუბრა საგადასახადო სამართლის სუბიექტებზე, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციასა და დეკლარირებაზე, საგადასახადო ტერმინების და ცნებების მნიშვნელობაზე, საგადასახადო დავების წარმოებასა და საგადასახადო პასუხისმგებლობაზე. ტრენინგის დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
ევროკავშირის და გაეროს ერთობლივი პროგრამის მხარდაჭერით, 2016–2017 წლებში დაგეგმილია ტრენინგები 40–მდე სხვადასხვა საკითხზე. სწავლების თემატიკა განისაზღვრა იურიდიული დახმარების ბიუროებში მომუშავე და მოწვეული საზოგადოებრივი ადვოკატების გამოკითხვის შედეგად.
2016–2017 წლებზე გაწერილი სასწავლო პროგრამის განხორციელება მიმდინარე წლის ივლისიდან დაიწყო. სწავლების ორგანიზების საკითხზე, იურიდიული დახმარების სამსახური თანამშრომლობს „საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციასა“ და „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან“.