ცხელი ხაზი: 292 00 55
სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი უფასო იურიდიული დახმარებით წელს 25 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. ეს ცნობილი გახდა სტატისტიკური მონაცემებიდან, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის 2016 წლის 11 თვის საქმიანობის შედეგებს ასახავს.
2016 წლის 11 თვეში, იურიდიული დახმარების სამსახურმა წარმოებაში 11 ათასზე მეტი საქმე მიიღო, აქენდა 8 ათასზე მეტი საქმე სისხლის სამართლის სფეროს მიეკუთვნებოდა, 1800–ზე მეტი საქმე – სამოქალაქო სამართალს, 800–ზე მეტი კი ადმინისტრაციული სამართლის სფეროს. იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების მიერ გამამართლებელი განაჩენი მიღწეულია 52 სისხლის სამართლის საქმეზე, რაც ქვეყნის მასშტაბით სასამართლოებში ასეთი შედეგით დასრულებული საქმეების 32.9%–ს შეადგენს.
საქართველოს მოქალაქეები განაგრძობენ უფასო საადვოკატო მომსახურებით სარგებლობას სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე, რაც 2015 წლიდან გახდა შესაძლებელი. 2014 წლის მაჩვენებელთან შედარებით, სამართლის ამ დარგებში, იურიდიული დახმარების სამსახურის მომხარებელთა რაოდენობა, იურიდიული კონსულტაციების მოსარგებლეთა ჩათვლით, 16.9%–ით გაიზარდა.
2016 წელს სახელმწიფომ იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობაც გაზარდა. ქალაქ სიღნაღში ქვეყნის მასშტაბით იურიდიული დახმარების სამსახურის მე–19 ოფისი ამოქმედდა. გარდა ამისა, უფასო საადვოკატო მომსახურება ხელმისაწვდომი გახდა იმ უცხოელებისათვის, რომელთა მიმართაც სასამართლო განიხილავს თავშესაფრის ან ჰუმანიტარული მინიჭების საკითხს.
უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, იურიდიული დახმარების სამსახურს მხარს უჭერენ ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორებიცაა: ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამა და აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო.
იურიდიული დახმარების სამსახური დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომელიც მოქალაქეებს უფასო საადვოკატო მომსახურებით და სამართლებრივი კონსულტაციებით 2007 წლიდან უზრუნველყოფს. დღეისათვის, სამსახურის რეგიონული ოფისების ქსელი საქართველოს 19 ქალაქს მოიცავს.