ცხელი ხაზი: 292 00 55
იურიდიული დახმარების სამსახურის მცეთა-მთიანეთის ბიუროს და მარნეულის საკონსულტაციო ცენტრის იურისტების დახმარებით, რამდენიმე მოქალაქემ ალიმენტის თაობაზე დავა მოიგო.
ნათია ლ.-მ იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა-მთიანეთის ბიუროს, თავისი ქალიშვილის სასარგებლოდ, ბავშვის მამისათვის ალიმენტის დაკისრების საკითხით მიმართა. ნათია ლ.-ის თქმით, ოჯახური კონფლიქტის შედეგად, მეუღლეები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ და მამა შვილის აღზრდაში ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არავითარ მონაწილეობას არ იღებდა. ბავშვის დედას ადვოკატის აყვანის საშუალება არ ჰქონდა და ამიტომ, იურიდიული დახმარების სამსახურს მიმართა. მცხეთა-მთიანეთის ბიუროს კონსულტანტმა, ნათია ბერძენიშვილმა, შეისწავლა საკითხი და შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტი - სარჩელი მოამზადა. პრობლემას ართულებდა ის გარემოება, რომ მამის საქმიანობისა და შემოსავლების შესახებ ცნობების მოპოვება ვერ ხერხდებოდა. ამიტომ, სარჩელის წარდგენა ამ ცნობების გარეშე მოხდა. მოპასუხე მხარემ აღნიშნულის თაობაზე პროტესტი არ გამოთქვა. საბოლოოს, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა სარჩელი და ბავშვის მამას 200 ლარის ოდენობის ალიმენტი დააკისრა.
წარმატებით დასრულდა კიდევ ორი დედის, დურდანა ნ.-ისა და ელმირა მ.-ის სარჩელების განხილვის პროცესიც. აღნიშნულმა ქალბატონებმა ალიმენტის საკითხით იურიდიული დახმარების სამსახურის მარნეულის საკონსულტაციო ცენტრს მიმართეს.
კონსულტანტმა ნინო პაპაშვილმა ორივე შემთხვევაში შეადგინა სარჩელი, რომლითაც სასამართლოსგან მამებისათვის ალიმენტის დაკისრება მოითხოვეს. მიუხედავად იმისა, რომ მამების სახელზე არანაირი ქონება არ ირიცხებოდა და დაუდასტურებელი იყო მათი შემოსავლების წყარო, სასამართლომ ქალბატონების სარჩელები დააკმაყოფილა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, დურდანა ნ.-ის 4 შვილს დაენიშნა ალიმენტი. ამასთან, ვინაიდან მამა უარს აცხადებდა ალიმენტის გადახდაზე, კონსულტანტმა ნინო პაპაშვილმა სასამართლოსგან დამატებით მოითხოვა სააღსრულებლო ფურცლის გაცემა, რომლის მეშვეობითაც ბავშვების მამის საკუთრებაში არსებული ტრაქტორი დაყადაღდა და გაიყიდა, ხოლო შემოსული თანხა - 3 ათასი ლარი ბავშვების სასარგებლოდ გადაირიცა.
ელმირა მ.-ის შემთხვევაში კი ალიმენტი დაენიშნა ერთ ბავშვს. ამასთან, ნინო პაპაშვილმა დამატებით შეადგინა განცხადება ადგილორბრივი თვითმმართველობის სახელზე და ელმირა ნ.-ის 200 ლარის ოდენობის ერთჯერადი დახმარება გაეწია.