იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიურო აგრძელებს თანამშრომლობას უფროსკლასელ მოსწავლეებთან, რომლებიც მონაწილეობენ იუსტიციის სამინისტროს ,,ლიდერთა სახლის“ პროექტში.

კვირას, 1 მარტს, ,,ლიდერთა სახლის“ წევრთა მონაწილეობით, გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელიც გორის რაიონულ სასამართლოში ჩატარდა. მონაწილეთა ჯგუფიდან წილისყრით შეირჩნენ დაცვის და ბრალდების მხარეები, ასევე ნაფიც მსაჯულთა კანდიდატები. დაცვის მხარე მოამზადა შიდა ქართლის იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატმა იოსებ გაბარაევმა, რომელიც მოსწავლეებს შესავალი და დასკვნითი სიტყვების მომზადებაში, ასევე მოწმეთა დაკითხვის წარმარათვაში შესაბამისი კონსულტაციები გაუწია.

იმიტირებულ სასამართლო პროცესში, მოსამართლისა და სხდომის მდივნის სტატუსით, მონაწილეობას იღებდნენ ასევე გორის სახელწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტები, რომლებაც მიმდინარე წელს წარმატებით დაასრულეს სტაჟირება იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროში.

იმიტირებული პროცესი გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოტანით დასრულდა. „ლიდერთა სახლის“ ორგანიზებით, იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილე გუნდები საქართველოს უზენაეს სასამართლოს ეწვევიან.

„ლიდერთა სახლთან“ თანამშრომლობის ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს ადვოკატებმა მოსწავლეებისთვის სემინარები ჩაატარეს. გარდა ამისა, პროექტის მონაწილეებმა მოინახულეს იურიდიული დახმარების ბიურო და ადგილზე გაეცნენ საზოგადოებრივი ადვოკატების საქმიანობას.