ცხელი ხაზი: 292 00 55
6-7 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები ესწრებიან ტრენინგს, რომელიც ეძღვნება გაეროს კონვენციებს შშმ პირთა უფლებებისა და ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ.
ორდღიანი სწავლების ფარგლებში, განიხილება ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების, გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ. ყურადღება გამახვილდება კანონმდებლობის იმპლემენტაციის პრაქტიკულ ასპექტებზე, მათ შორის, დევნილ, ხანდაზმულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებრივი მდგომარეობის კონტექსტში.
ტრენინგი ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ,,საქართველოში დევნილი, ხანდაზმული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრა“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიერ.
უნდა აღინიშნოს, რომ ტრენინგების თემატიკა მეტად აქტუალურია. უკანასკნელი საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვა 2015 წლის 1 იანვრიდან ევალებათ. 15 აპრილიდან კი, იგეგმება იურიდიული დახმარების გაფართოება გარკვეული კატეგორიის სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე, მათ შორის, ისეთ საკითხებზეც, რომლებიც გამომდინარეობს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან.