საქართველოს პარლამენტმა იურიდიული დახმარების სამსახურის წლიური ანგრიშის განხილვა დაიწყო. 9 მარტს, პირველი საკომიტეტო მოსმენა ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში გაიმართა. სამსახურის დირექტორმა, მელიტონ ბენიძემ შეაჯამა განვლილი წელი და დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია გაწეული იურიდიული დახმარების, ასევე სამსახურში განხორციელებული ინსტიტუციური რეფორმების შესახებ.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2014 წელს იურიდიული დახმარების სამსახურმა წარმოებაში 11 ათასამდე საქმე მიიღო. გაწეულ იქნა 20 ათასზე მეტი კონსულტაცია  და მომზადებულ იქნა 3700-ზე მეტი სამართლებრივი დოკუმენტი. 22 ბრალდებული სრულად, ხოლო 18 ბრალდებული ნაწილობრივ გამართლდა. ასობით პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. იურიდიული დახმარება ხელმისაწვომი გახდა რიგით მე-18 რეგიონში, ქალაქ საჩხერეში. გარდა ამისა, მიღებულ იქნა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც, 2015 წლის 15 აპრილიდან, უფასო საადვოკატო მომსახურება არა მხოლოდ სისხლის სამართლის, არამედ გარკვეული კატეგორიის სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზეც განხორციელდება.

მოხსენების დასასრულს, მელიტონ ბენიძემ უპასუხა შეკითხვებს სამსახურის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ სამსახურის საქმიანობას მაღალი შეფასება მისცა და კმაყოფილება გამოთქვა ანგარიშში წარმოდგენილი დეტალური   მონაცემებითა და ინფორმაციით.

საპარლამენტო განხილვის ფარგლებში, კიდევ ერთი საკომიტეტო მოსმენა დაგეგმილია იურიდიულ საკითხთა კომიტეტში. ამის შემდეგ კი, სამსახურის დირექტორი მოხსენებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარდგება.

იურიდიული დახმარების სამსახური 2007 წლიდან ფუნქციონირებს. 2014 წელს სამსახურის სტატუსი შეიცვალა. იგი გამოვიდა აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემიდან და გახდა ანგარიშვალდებული საქართველოს პარლამენტის წინაშე.