ცხელი ხაზი: 292 00 55
იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის ბიუროს ადვოკატი, გია ფარადაშვილი, იცავდა ეკატერინე გ.-ს, რომელსაც ბრალი ედებოდა ქურდობაში.
საქმის მასალების მიხედვით, ეკატერინე გ.-მ ახლობლებთან სტუმრობისას მასპინძლის ხელჩანთიდან ამოიღო და ფარულად დაეუფლა 100 ლარს. ბრალდებულმა აღიარა დანაშაული. მას დამცველად საზოგადოებრივი ადვოკატი, გია ფარადაშვილი, დაენიშნა.
მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარე ეკატერინე გ.-ს საპროცესო შეთანხმების გაფორმებას სთავაზობდა, 1-წლიანი პირობითი სასჯელით, დაცვის მხარე მიიჩნევდა, რომ არსებობდა ყველა საფუძველი, რომ ეკა გ.-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილიყო.
დაცვის მხარეს საამისოდ საკმრისი არგუმენტებიც ჰქონდა: ეკატერინე გ. პირველად იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში, მის მიერ ჩადენილი დანაშაული განეკუთვნებოდა ნაკლებად მძიმე დანაშაულის კატეგორიას, ამასთან ბრალდებული იყო სოციალურად დაუცველი და იღებდა შემწეობას, გარდა ამისა, ეკატერინე გ.-ს ჰქონდა დიაბეტი, რის გამოც მუდმივად საჭიროებდა მედიკამენტებს.
საბოლოოდ, ბრალდების მხარე საზოგადოებრივი ადვოკატის პოზიციას დაეთანხმა. ეკა გ.-ის მიმართ გამოყენებულ იქნა განრიდების მექანიზმი და შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შესრულების პირობით.