2015 წლის 10 თებერვლიდან უფასო იურიდიული დახმარება ზესტაფონის რაიონის დაბა შორაპანში გახდა ხელმისაწვდომი. სერვისის მიღება შესაძლებელია ადგილობრივ საზოგადოებრივ ცენტრში, სადაც, კვირაში ერთხელ, მოქალაქეებს იურიდიული დახმარების სამსახურის კონსულტანტი იღებს.

აღნიშნული სიახლის შესახებ შორაპნისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, იურიდიული დახმარების სამსახურის ზესტაფონის ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრები დაიწყეს. პირველი შეხვედრები, 10 მარტს, დაბა შორაპანსა და სოფელ საღვინეში გაიმართა.

ადგილობრივებს სერვისით სარგებლობის პირობები განემარტათ და ბუკლეტები დაურიგდათ. ამჟამად, შორაპნის საზოგადოებრივ ცენტრში უფასო იურიდიული კონსულტაციის მიღება ყოველ სამშაბათს არის შესაძლებელი. ამავდროულად, მოქალაქეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს მიმართონ იურიდიული დახმარების სამსახურის ზესტაფონის ბიუროს, სადაც, იურიდიულ კონსულტაციასთან ერთად, საადვოკატო სერვისსაც მიიღებენ.

დღეისათვის, საზოგადოებრივი ცენტრები საქართველოს 17 სოფელში მოქმედებს და მათ ფუნქციონირებას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს.

საზოგადოებრივ ცენტრებში უფასო იურიდიული კონსულტაციის დანერგვა გათვალისწინებულია თანამშრომლობის მემორანდუმით, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურმა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ გააფორმეს. შორაპნის გარდა, იურიდიული კონსულტაცია გეგუთისა და მეჯვრისხევის საზოგადოებრივ ცენტრებშია ხელმისაწვდომი.

იურიდიული დახმარების ქსელის გაფართოებას და საზოგადოებრივ ცენტრებთან თანამშრომლობას აქტიურად უჭერს მხარს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში.