თბილისის იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატი გიორგი მდინარაძე თითქმის ერთი წლის განმავლობაში იცავდა მოქალაქე  ო. ა.–ს ინტერესებს. 

ბრალდების დადგენილების თანახმად, 2016 წლის ოქტობმერში, ქ.თბილისში, პეკინის ქუჩაზე მდებარე ერთ–ერთ სახლში, მეგობრებთან ერთად წვეულებაზე იმყოფებოდა მოქალაქე  ო.ა. შეკრებილები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათ შორის ატყდა ჩხუბი. ბრალდების განცხადებით, ო.ა.–მ შელაპარაკებისას რამდენჯერმე დაარყა ტაფა მოქალაქე გ.მ.–ს, შემდეგ აიღო მისი მობილური ტელეფონი და მიიმალა. გ.მ. მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო  ო.ა. –  მიიმალა. 

დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, ო.ა. დააკავეს და ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – 108–ე („განზრახ მკვლელობა“) და 177–ე („ქურდობა“).

იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატი გიორგი მდინარაძე საქმეში გამოძიების ეტაპზევე ჩაერთო, როგორც სავალდებულო დაცვის განმახორციელებელი საზოგადოებრივი ადვოკატი. 

საქმის განხილვა რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა და 2017 წლის ივლისში გამართულ სასამართლო პროცესზე, მოსამართლემ სრულად გაიზიარა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია და ფაქტობრივი გარემოებები, რომლის მიხედვითაც უტყუარად ვერ დასტურდებოდა, რომ გ.მ. ნამდვილად ო.ა.–მ მოკლა, კერძოდ მდინარაძემ ბრალდების მთავარი მოწმეების კრიტიკული ჯვარედინი დაკითხვის შედეგად შეძლო იმის გამოკვეთა, რომ ო.ა.–ს ქმედება (ტაფის ჩარტყმა) იყო მართლზომიერების ფარგლებში, ამასთან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ბრალდების ვერც ერთი მტკიცებულება ვერ ადასტურებდა იმას, რომ გ.მ–ს სიკვდილის უშუალო მიზეზი იყო ო.ა.–ს ქმედება, ამიტომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ო.ა. უდანაშაულოდ ცნო განზრახ მკვლელობაში (სსკ 108–ე მუხლი),რომელიც სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7–დან 15 წლამდე, იგი დამნაშავედ ცნო მხოლოდ ქურდობაში (სსკ 177–ე მუხლის 1–ლი ნაწილი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.

ბრალდების მხარემ გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. 

თუმცა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენით უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი.