ცხელი ხაზი: 292 00 55
2015 წლის 15 აპრილიდან, სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი უფასო იურიდიული დახმარება გაფართოვდა და, პირველად ბოლო 8 წლის მანძილზე, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეები მოიცვა. ამ სიახლესთან დაკავშირებით, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, მელიტონ ბენიძემ დღეს საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალის „კვირის“ პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა.
მელიტონ ბენიძის თქმით, საწყის ეტაპზე, საადვოკატო მომსახურება (სასამართლოში წარმომადგენლობა) განხორციელდება საოჯახო და სამემკვიდრეო დავებზე, ასევე სოციალური დაცვის საკითხებზე. ადვოკატის დანიშვნა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი დააკმაყოფილებს გადახდისუუნარობის კრიტერიუმებს, ხოლო საქმე შეფასდება, როგორც რთული და მნიშვნელოვანი.
ახალი საადვოკატო სერვისი განკუთვნილია 200 ათასზე მეტი ოჯახისათვის, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. სერვისი ხელმისაწვოდმია იურიდიული დახმარების სამსახურის ტერიტორიულ ბიუროებში, რომლებიც 11 რეგიონში ფუნქციონირებს.
სახელმწიფო უფასო იურიდიულ დახმარებას 2007 წლიდან უზრუნველყოფს. დღემდე, ეს სერვისი ძირითადად სისხლის სამართლის საქმეებს მოიცავდა. სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე იურიდიული დახმარების გაფართოების მიზნით, საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები 2014 წლის დეკემბერში მიიღო.