იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ქუთაისის ბიუროს წარმომადგენლებმა 2018 წლის 9 თებერვალს, წყალტუბოს ადმინისტრაციულ ერთეულში გასვლითი კონსულტაცია ჩაატარეს.

როგორც ცნობილია, 2017 წლის ოქტომბერში, ქვეყნის მაშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები (მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები) ჩატარდა. არჩევნების შედეგად მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობის  პერსონალური შემადგენლობები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიცვალა. შესაბამისად, სამსახური საჭიროდ თვლის შედგეს ინტენსიური შეხვედრები ადგილობრივი  მმართველობის და თვითმმართველობის ახალ წარმომადგენლებთან,  გავაცნოთ მათ ჩვენი სამსახურის საქმიანობა, სერვისები, გასულ წელს განხორციელებული საკანონდებლო ცვლილებები  და ა.შ. 

აღსანიშნავია, რომ თვითმმართველობის ორგანოებს თითქმის ყოველდღიურად უწევთ ურთიერთობა მოსახლეობის იმ ნაწილთან, რომელიც სხვადასხვა სახის სამართლებრივ დახმარებას საჭიროებს. ამ შემთხვევაში იურიდიული დახმარების სამსახურს უმნიშვნელოვანესი როლის თამაში შეუძლია სოციალურად დაუცველი/გადახდისუუნარო  მოსახლეობის სამართლებრივი პრობლემების მოგვარებაში. შესაბამისად, გამგეობებიდან მოხდება ბენეფიციარების გადმომისამართება სამსახურის ბიუროებსა და საკონსულტაციო ცენტრებში. 

პირველ შეხვედრაზე, რომელიც იმერეთის–ქუთაისის ბიუროს საზოგადოებრივმა ადვოკატმა სოფო ყუბანეიშვილმა და კონსულტანტმა ბელა ჭყონიამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებთან გამართეს, საუბარი შეეხო იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობასა და ფუნქციებს, მოსახლეობის ინფორმირებას სამსახურის სერვისების, მათი ხელმისაწვდომიბის შესახებ. შეხვედრის მონაწილეებს გადაეცათ იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო ბუკლეტები. 

შეხვედრის დროს ასევე განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამები, პროგრამებით სარგებლობის კრიტერიუმები. 

იმერეთი–ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიურო მსგავსი შეხვედრების გამართვას მომავალშიც გეგმავს.