ცხელი ხაზი: 292 00 55
იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები განაგრძობენ შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობების წევრებთან. როგორც ცნობილია, 2017 წლის ოქტომბერში, ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები (მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები) ჩატარდა. არჩევნების შედეგად მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობის პერსონალური შემადგენლობები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიცვალა. თვითმმართველობებს ხშირად უწევთ მუშაობა სოციალურად დაუცველ და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებთან, რომლებიც პოტენციურად იურიდიული დახმარების სამსახურის ბენეფიციარები არიან. ამიტომ საჭიროა, თვითმმართველობებში დასაქმებულ პირებს მიეწოდოთ ზუსტი ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის და სერვისების შესახებ.
სწორედ ამ მიზნით, 2018 წლის 22 თებერვალს კახეთის–თელავის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი ალექსი ტუსნიაშვილი გასვლით კონსულტაციაზე იმყოფებოდა ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თანამშრომლები და სოფლის მოსახლეობის ნაწილი. თელავის ბიუროს ადვოკატმა შეკრებილ საზოგადოებას გააცნო საქმის წარმოების წესები მხარდაჭერის მიმღებთა საქმეებთან დაკავშირებით, იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის თავისებურებები, სოციალურად დაუცველთა უფასოდ მომსახურების შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული წესები. გარდა ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებისა, სამსახურის ცნობადობის გაზრდის მიზნით, მოხდა სოფლის მოსახლეობის ინფორმირება სამსახურის საქმიანობის შესახებ. ზემო ალვანის მცხოვრებლებს გადაეცათ ბუკლეტები იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ.