2017 წლის 14 ნოემბერს მოქალაქემ მიმართა ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს და ითხოვა სამართლებრივი დახმარება ყოფილ მეუღლესთან ქონებრივ დავაში. ბიუროს კონსულტანტმა მაია დარასელიამ გაუწია კონსულტაცია და შეადგინა სარჩელი. საქმეს განიხილავდა ხაშურის რაიონული სასამართლო. სასამართლოს მიმართვის საფუძველზე  კი საქმეში ჩაერთო შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი გერმანე ადუაშვილი. 

საქმის მასალებით გაირკვა, რომ დ.შ. და ო.შ. ცამეტწლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს  დაშორდნენ. მანამდე ცხოვრობდნენ ქალაქ ფოთში და ჰყავთ ორი შვილი. თანაცხოვრების პერიოდში ერთად ააშენეს სახლი, რომელიც მდებარეობს ქარელის რაიონის სოფელ საღოლაშენში.  1983 წლიდან კი ოჯახური წყვილი, გარკვეული უთანხმოების გამო, ცალ–ცალკე ცხოვრობენ: დ.შ. ისევ ფოთში შვილებთან ერთადაა, ო.შ.  კი – საღოლაშენში.  1992 წლიდან ო.შ. –ს მეორე მეუღლე გახდა ნ.ბ, რომელთანაც მას ორი შვილი შეეძინა. 

ბენეფიციარი დ. შ. ყოფილი მეუღლისაგან ითხოვდა უძრავი ქონების (1983 წელს აშენებული სახლისა და 90–იან წლებში მიღებული მიწის ნაკვეთების) ნახევარს. აღნიშნული ქონება    ო.შ.–მ ჩუქების ხელშეკრულებით გადასცა მეორე მეუღლეს ნ.დ–ს.

საზოგადოებრივმა ადვოკატმა გამოარკვია, რომ ო.შ. 35 წელია დაშორებულია მეუღლეს, მაგრამ ჯერ ისევ რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა დ.შ.–სთან.  ადვოკატმა სასამართლოში ყურადღება გაამახვილა   და წარმოადგინა არაერთი საარქივო მასალა, დოკუმენტაცია, რომელითაც დასტურდებოდა, რომ საღოლაშენში არსებული სახლი, ნამდვილად პირველი ქორწინების განმავლობაში იყო აშენებული და  წარმოადგენდა მეუღლეთა საერთო საკუთრებას და რომ მისი გახსვისება არაკანონიერად მოხდა.

რამდენიმეთვიანი პროცესის შემდეგომ სასამართლომ გაიზიარა ადვოკატ გერმანე ადუაშვილის პოზიცია,  ბათილად ცნო ჩუქების ხელშეკრულება და ბენეფიციარ  დ.შ–ს  მიაკუთვნა  საღოლაშენში არსებული სახლის ნახევარი, მიწის ნაკვეთები კი ო.შ–ს საკუთრებაში დატოვა.