2018 წლის 24 აპრილს, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ქუთაისის ბიუროს  და ა(ა)იპ „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის“ ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა თერჯოლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრ „საპოვნელას“ თანამშრომლებთან, ბენეფიციართა წარმომადგენლებთან და  მშობლებთან.  

შეხვედრის მონაწილეებს ქუთაისის ბიუროს ადვოკატებმა ხვიჩა თავაძემ და სოფიო ყუბნეიშვილმა მიაწოდეს ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობისა და მისი სერვისების შესახებ –  თუ რა პრინციპებით ხდება სამსახურის მიერ საქმის წარმოებაში მიღება.  საუბარი შეეხო ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე  პირთა უფლებათა დაცვას, მათთვის საადვოკატო მომსახურებით სარგებლობის კრიტერიუმებს, არასრულწოვანთა ინტერესების დაცვასა და მშობელთა უფლება–მოვალეობებს.

შეხვედრაზე ითქვა, რომ საჭიროა შეიქმნას ჯგუფი საზოგადოებრივი ადვოკატების, ფსიქოლოგის და სოციალური მუშაკების შემადგენლობით.  ჯგუფი ინდივიდუალურ შეხვედრებს გამართავს რთული კატეგორიის არასრულწლოვანი ბენეფიციარების მშობლებთან, რომლებიც  უარს აცხადებენ ბავშვების დღის ცენტრებში ჩარიცხვაზე. საჭიროა, მათ ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია თავიანთი უფლებების და  სოციალური პროგრამების  შესახებ.

დაიგეგმა ანალოგიური შეხვედრების ჩატარება ქალაქ ქუთაისსა და სამტრედიაში მდებარე შშმ პირთა დღის ცენტრებთან, ასევე, სამომავალოდ ტრენინგებისა და სემინარების ორგანიზება სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით.