ცხელი ხაზი: 292 00 55
2018 წლის 7 აგვისტოს იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა–მთიანეთის ბიუროს უფროსი ალუდა ბუჩუკური და კონსულტანტი ირინე ბარბაქაძე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკნის დევნილთა დასახლებაში შეხვდნენ სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს.
მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ფლობდა ინფორმაციას იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ. მეორე ნაწილი კი ამომწურავად გაეცნო სამსახურის სერვისებს – მათ შორის, ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელმაც სამსახურის მანდატი გააფართოვა და მოიცვა გადახდისუუნარო მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც შრომითი ან უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სამართლებრივი დავები აქვს.
ადგილობრივებს განსაკუთრებით აინტერესებდათ ინფორმაცია იძულებით გადაადგილებული პირების უფლებების და დევნილთა იმ ქონების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, რომელიც დღეის მდგომარეობით რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოყოლილი. იურისტებმა დაინტერესებულ პირებს ადგილზე გაუწიეს კონსულტაცია სხვადასხვა საკითხზე. დარიგდა იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო ბუკლეტები.