ცხელი ხაზი: 292 00 55
2018 წლის 11 სექტემბერს, ელექტრონული მედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა კორესპოდენცია საზოგადოებრივი ადვოკატების ნაწილის წარმომადგენლის მიერ ჩატარებული პრეს–კონფერენციის შესახებ, სადაც გავრცელდა არასწორი ინფორმაცია – სისხლის სამართლის საქმეებზე იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის შეფასების სისტემის საპილოტე პროექტთან დაკავშირებით.
იურიდიული დახმარების სამსახური, როგორც საბიუჯეტო ორგანიზაცია, ახორციელებს სახელმწიფოს მიერ უფასო სამართლებრივი დახმარების გაწევას მოწყვლადი მოსახლეობისთვის. საქართველოს კანონის „იურიდიული დახმარების შესახებ“ მე–11 და მე–14 მუხლების თანახმად, იურიდიული დახმარების საბჭოს (შემადგენლობა: საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 3 წევრი, სახალხო დამცველის 3 წარმომადგენელი, 1 წევრი იურიდიული დახმარების ბიუროების ადვოკატებისაგან, 1 წევრი საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან და 1 წევრი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებისაგან ) გადაწყვეტილების საფუძველზე, ორი წლის წინ დაიწყო საპილოტე პროექტი – ბენეფიაციარისათვის ადვოკატის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის შეფასების სისტემის დანერგვა სისხლის სამართლის საქმეებზე. თუმცა საზოგადოებრივი ადვოკატების საქმიანობის შეფასება სამსახურში ჯერ კიდევ 2009 წლიდან მიმდინარეობდა – ადვოკატებისვე ჩართულობით. შემდგომ ეტაპზე კი განახლდა მუშაობა უფრო დახვეწილი და ყველასათვის მისაღები შეფასების სისტემის ჩამოსაყალიბებლად. ისევე, როგორც სახელმწიფო სერვისის მიმწოდებელი ნებისმიერი ორგანიზაცია, იურიდიული დახმარების სამსახურიც დაინტერესებულია, რომ მის მიერ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის გაწეული მომსახურების ხარისხი იყოს მაღალი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელსაც არ აქვს საშუალება, მოიწვიოს კერძო ადვოკატი.
რაც შეეხება გაწეული მომსახურების ხარისხის შეფასების სისტემას, ის გულისხმობს ადვოკატების საქმიანობის შეფასებას უკვე დასრულებულ საქმეებზე, რომელთა ბენეფიციარებს აქვთ სრული ინფორმაცია ამის შესახებ და თანახმა არიან, რათა მოხდეს მათი უკვე დასრულებული საქმის შეფასება გაწული მომსახურების ხარისხის შესწავლის მიზნით. ამიტომ აღნიშნული სისტემა არავითარ შემთხვევაში არ ეწინააღმდეგება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონს და ადვოკატთა ეთიკის კოდექსს. ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს, რაც სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას გულისხმობს. პირიქით, „სამართლიანი სასამრთლოს“ უფლება გულისხმობს ბენეფიციარის უზრუნველყოფას არა ილუზორული და ფორმალური, არამედ ეფექტიანი და ხარისხიანი დაცვის უფლებით.
მსგავსი სისტემები დანერგილია მსოფლიოს არაერთ უფასო იურიდიული დახმარების სისტემის მქონე ქვეყანაში, ევროპის წამყვან სახელმწიფოებში. საპილოტე პროექტი საქართველოში მომზადდა და მიმდინარეობს გაეროს განივთარების პროგრამის, ევროკავშირის წარმომადგენლობის, აშშ–ს საერთაშორისო განვითრების სააგენტოს და სხვა საერთშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით. იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის შეფასების კრიტერიუმები და კონცეფცია იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ პილოტურ რეჟიმში ამოქმედდა იმ მიზნით, რომ მომხდარიყო მისი ეფექტიანობის დადგენა ქართულ რეალობაში და პილოტის განხორციელებისას გამოვლენილი ხარვეზების საფუძველზე ადვოკატების ჩართულობით, მოხდეს ზემოაღნიშნულ დოკუმენტებში ცვლილებების შეტანა და შემდგომ მიღება. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ იურიდიული დამხარების სამსახურის ადვოკატების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის შეფასების კრიტერიუმები და კონცეფცია შემუშავებულია სამუშაო ჯგუფის მიერ, რომელიც შეიქმნა იურიდიული დახმარების საბჭოს, აპარატისა და 12–ვე ბიუროს მიერ წარმოდგენილი ადვოკატთა, მათ შორის, მოსარჩელეების მონაწილეობით.
დაცვის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლით და სწორედ ამ მზინით შეიქმნა 2007 წელს სოციალურ მოთხოვნილებეზე ორიენტირებული, მდგრადი და საიმედო სისტემა იურიდიული დახმარების სამსახურის სახით.
სასამართლო ერთ წელზე მეტია განიხილავს სარჩელს, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატთა მცირე ჯგუფმა აღნიშნული საპილოტე პროექტის წინააღმდეგ შეიტანა. ამ ხნის განმავლობაში სრულად არის დაცული მათი თავისუფლება და პროცესს არ მოუხდენია გავლენა მათ საქმიანობაზე, სამსახურეობრივ ურთიერთობებზე.
ვიმედოვნებთ,რომ პროცესები მომავალშიც წარიმართება ადვოკატებთან აქტიური თანამშრომლობით და საბოლოო შედეგი იქნება საზოგადოებრივი ადვოკატის მიერ გაწული მომსახურების ხარისხის შეფასების ყველაზე ეფექტური სისტემის ჩამოყალიბება.