სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის პასუხი ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საზოგადოებების საბჭოს პრეზიდენტს ანტონინ მოკრის – მის მიერ „საზოგადოებრივი ადვოკატების შეფასების წესსა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით“  2018 წლის 10 სექტემბერს გავრცელებული განცხადების  გამო: 

ძვირფასო ბატონო მოკრი,

გვსურს გამოვეხმაუროთ თქვენს 2018 წლის 10 სექტემბრის წერილს, რომელიც საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის ხარისხის შეფასების სისტემას ეხებოდა. CCBE–ის იურიდიული დახმარების სამსახურთან არ ჰქონია კომუნიკაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. სამსახური არც წერილის ადრესატი ყოფილა. ვინაიდან წერილი სწორედ ამ სამსახურს ეხება, საჭიროდ ჩავთვალეთ გაგიზიაროთ ჩვენი მოსაზრებები. გარდა ამისა, CCBE–ის წერილის შინაარსი გვაფიქრებინებს, რომ, შესაძლოა, წერილზე მუშობის პროცესში არ ფლობდით სრულყოფილ ინფორმაციას შეფასების სისტემის თაობაზე, კერძოდ, ხელთ არ გქონდათ სამსახურის შეფასების სისტემის მარეგულირებელი დოკუმენტაცია. 

მნიშვნელოვანია აქვე მოგახსენოთ, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია სრულად იყო ჩართული ზემოაღნიშნული დოკუმენტის შემუშავების პროცესში, რომელიც იურიდიული დახმარების საბჭომ 2016 წლის 2 მარტს ერთხმად დაამტკიცა. იურიდიული დახმარების საბჭოში კი ადვოკატთა ასოციაცია მისი აღმასრულებელი საბჭოს მიერ წარდგენილი სამი ადვოკატით არის წარმოდგენილი. 

რაც შეეხება საკუთრივ ხარისხის შეფასების ქართულ მოდელს, ის ეფუძნება ე.წ. Peer Review-ს შეფასების სისტემას, რომელიც 2002 წელს, ინგლისსა და უელსში, შეიმუშავა ბრიტანელმა პროფესორმა ავრომ შერმა, ხოლო პროფესორმა ალან პატერსონმა მსგავსი პროგრამა შექმნა შოტლანდიაში, რომელიც 2005 წლიდან წარმატებით მუშაობს. როგორც მოგეხსენებათ, დიდი ბრიტანეთი CCBE-ს ერთ–ერთი გამორჩეული წევრია, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს სხვა ქვეყნებს და თანამშრომლობს მათთან ხარისხის შეფასების სისტემის დანერგვის მიმართულებით. 

იმის გათვალისწინებით, რომ საადვოკატო პროფესიის ეთიკის ნორმებისა და პრინციპების უზრუნველყოფა სამსახურისა და საბჭოსათვის უპირობო ღირებულებაა, სწორედ Peer Review-ს მოდელს მიენიჭა უპირატესობა. ის ითვალისწინებს ადვოკატთა საქმიანობის ხარისხის შეფასებას სწორედ კოლეგა ადვოკატების მიერ, კონფიდენციალობის სრული დაცვით/ბოჭვით, ასევე ხარისხის უზრუნველყოფასა და მის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. იურიდიული დახმარების სამსახურისთვის ხარისხის შეფასების სისტემის არსებობა ბენეფიციარებისათვის (საქართველოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის) კვალიფიციური იურიდიული მომსახურების მიწოდების გარანტიაა. 

აქვე გვსურს გაცნობოთ იმ საერთაშორისო პლატფორმის შესახებ, რომელიც საშუალებას მოგვცემს უფრო ვრცლად და არსებითად განვიხილოთ ხარისხის შეფასებასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები. კერძოდ, სურვილი გვაქვს გაგიზიაროთ, რომ მიმდინარე წლის 13–15 ნოემბერს, თბილისში, გაიმართება „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის შესახებ მესამე საერთაშორისო კონფერენცია“. კონფერენციას დაესწრება 70 ქვეყნის 300–მდე წარმომადგენელი, რომლებიც ჩართულნი არიან უფასო იურიდიული დახმარების მიწოდების პროცესში. სხვა აქტუალურ თემებთან ერთად, კონფერენციაზე განხილული იქნება იურიდიული დახმარების სისტემის შექმნისა და რეფორმირების საუკეთესო გამოცდილება და პრაქტიკული გამოწვევები, იურიდიულ დახმარებაზე ადრეული წვდომის გზები და ბარიერები. აქვე მსჯელობა წარიმართება იურიდიული დახმარების მომსახურების ხარისხის შეფასებისა და გაუმჯობესების საუკეთესო გამოცდილებების თაობაზე. მოხარული ვიქნებით, თუ სურვილს გამოთქვამთ მონაწილეობა მიიღოთ აღნიშნულ ღონისძიებაში. ოფიციალურ მოსაწვევს მიიღებთ დამატებითი ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

იმედი გვაქვს მომავალში ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერად წარიმართება. 

პატივისცემით,

მელიტონ ბენიძე – იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი;
სოფიო ჩაჩავა – იურიდიული დახმარების საბჭოს თვმჯდომარე.

იხილეთ წერილი