ცხელი ხაზი: 292 00 55
13-14.10.2018 ევროკავშირის წარმომადგენლობისა და გაეროს განვითრების პროგრამის ერთობლივი პროექტის მხარდაჭერით, სასტუმრო "ამბასადორი-კაჭრეთი"მასპინძლობს ცენტრალური და რეგიონული მედიის ჟურნალისტების და პროდიუსერების შეხვედრას იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანია, ჟურნალისტებმა მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის, 2018 წლის 13-15 ნოემბერს დაგეგმილი „იურიდიული დახმარების სისტემების“ მე-3 საერთაშორისო კონფერენციის შესახებ და გაეცნონ იმ იურიდიულ ტერმონოლოგიას, რომელსაც მედიის წარმომადგენლები ხშირად არასწორად იყენებენ.
თავდაპირველად ჟურნალისტებს სავარჯიშოს სახით დაურიგდათ კითხვარი, რომლის დახმარებით ნათელი გახდა, თუ რამდენად სწორ ინფორმაციას ფლობენ მედიის წარმომადგენლები საქართველოში არსებული უფასო სამართლებრივი დახმარების შესახებ. ტესტების შეფასებამ გამარჯვებულები გამოავლინა.
შეხვედრის პირველ დღეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა მელიტონ ბენიძემ მედიის წარმომადგენლებს წარუდგინა სამსახურის საქმიანობის სტატისტის ვიდეოგრაფიკული კლიპი და პრეზენტაცია, სადაც ასახული იყო ორგანიზაციის ისტორია, არსებული სტრუქტურა, იურიდიული დახმარების საბჭოს შემადგენლობა და წევრების არჩევის პრინციპი, გააცნო უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმები, წარმატებული საქმეების სტატისტიკა და ესაუბრა სამსახურის სამომავლო გამოწვევების შესახებ. იურიდიული დახმმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ ირაკლი შონიამ ჟურნალისტებს გააცნო სამსახურის სერვისები, მანდატი, გეოგრაფიული დაფარვა. მედიის ინტერესს წარმოადგენდა საზოგადოებრივი ადვოკატების საქმიანობის ხარისხის შეფასების სისტემა, რომლის პილოტური პროგრამის განხორციელებასაც იურიდიული დახმარების სამსახური მომავალში გეგმავს. შეხვედრის პირველი დღის ბოლოს დიდხანს გაგრძელდა პოლემიკა სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე და უფასო იურიდიული დახმარების სისტემის ეფექტურ ფუნქციონირებაზე.
მედიატურის მეორე დღეს ჟურნალისტებმა იმსჯელეს უფასო სამართლებრივი დახმარების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის ტენდენციებზე. ჟურნალისტების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მედიაში გამოყენებულ არასწორ იურიდიულ ტერმინოლოგიაზე მსხჯელობამ.
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის კურატორმა კახა წიქარიშვილმა მედიის წარმომადგენლებს გააცნო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემებში იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის შესახებ 2018 წლის 13–15 ნოემბერს დაგეგმილი მე–3 საერთაშორისო კონფერენციის თემატიკა, სტუმრების ვინაობა. დაიგეგმა კონფერენციის გაშუქება ცენტრალური და რეგიონული მედიის საშუალებით.
გარდა ამისა, შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატის ბოლო დროინდელ გაფართოებას, რომლის შედეგადაც საზოგადოებრივი ადვოკატები სასამართლოში იცავენ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს მათი გადახდისუნარიანობის მიუხედავად.
როგორ ცნობილია, იურიდიული დახმარების სამსახური არის გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წევრი ორგანიზაცია. აღნიშნულმა კომისიამ შეიმუშავა 2018-2020 წლების საკომუნიკაციო სტრატეგია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, რომლის ფარგლებში სამი წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდება.
ჟურნალისტებმა მიიღეს ინფორმაცია 2018 წლის 25 ნოემბრიდან 16 დეკემბრამდე დაგეგმილი კამპანიის შესახებ, რომელიც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას მიეძღვნება. მედიის წარმომადგენლებმა გამოხატეს კამპანიაში ჩართვის სურვილი და მზადყოფნა პერიოდულად გააშუქონ აქტივობები, რომელიც ამ პერიოდში გაიმართება. კამპანიის დაწყებამდე ჟურნალისტებს ელექტრონული სახით გადაეგზავნებათ იურიდიული დახამრების სამსახურის მიერ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე მომზადებული საინფორმაციო ბუკლეტები და ჩანიშნული ღონისძიებების კალენდარი.
მონაწილეთა მხრიდან აღინიშნა, რომ ეფექტური შედეგის მისაღწევად საჭიროა მსგავსი სახის შეხვედრები პერიოდულად გაიმართოს ხოლმე.