ცხელი ხაზი: 292 00 55
იურიდიული დახმარების კახეთის–თელავის ბიუროს ადვოკატი გია ფარადაშვილი თითქმის ორი წლის განმავლობაში იცავდა ბრალდებულ კ.მ.–ს ინტერესებს. გამოძიება მიმდინარეობდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლის მე–2 და მე–3 ნაწილებით (მითვისება, გაფლანგვა), რაც შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
ბრალდების მხარე აცხადებდა, რომ კ.მ. თავის პარტნიორ ნ.ე.–სთან ერთად სოფლის მეურნეობის ბიზნესს ეწეოდა. გარკვეული დროის შემდეგ მათ პროდუქციის რეალიზაციის შედეგად ერთობლივად დააგროვეს დაახლოებით 13 000 ლარი, რაც კ.მ.–მ სრულად მიითვისა და პირადი საჭიროებისთვის გამოიყენა.
დაცვის მხარის მიერ არჩეული იქნა სტრატეგია ბრალდების გამომრიცხავი მტკიცებულებების გამოყენებით გამამართლებელი განაჩენის მისაღწევად. პირველი ინსტანციის სასამართლო პროცესზე გამოკითხულმა მოწმემ არ დაადასტურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით მიყენებული ზიანი. საქმის განხილვისას გამოიკვეთა, რომ ბრალდებულის მიერ გამოყენებული თანხის ოდენობა არ იყო სწორად აღნიშნული, სინამდვილეში ზიანი გაცილეით მცირე იყო, რაც უნდა ყოფილიყო საფუძველი 182–ე მუხლის მესამე ნაწილით საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. ამიტომ სასამართლომ გაამართლა ბრალდებული 182–ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში და მხოლოდ 182–ე მუხლის მეორე ნაწილით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.
ბრალდების მხარემ გაასაჩივრა პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციო ინსტანციაში, თუმცა 2018 წლის სექტემბერში თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა.