ცხელი ხაზი: 292 00 55
2018 წლის 26 ოქტომბერს უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატის გიორგი მდინარაძის საქმეზე. 2015 წლის 8 ნოემბერს, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების უფროსმა, ლ.კ.-მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. საზოგადოებრივ ადვოკატს დაადეს ხელბორკილები და ამ მდგომაროებაში მყოფზე განახორციელეს ფიზიკური ძალადობა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისთვის, პოლიციის ყოფილ თანამშრომელს ლ.კ.-ს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
იურიდიული დახმარების სამსახური მიესალმება სასამართლოს მხრიდან მიღებულ ობიექტურ და პრეცედენტულ გადაწყვეტილებას, რაც არის საფუძველი იმისა, რომ პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას თითოეული ადვოკატის უფლება იქნება დაცული და ნებისმიერი პირი საადვოკატო საქმიანობაში ხელის შეშლისთვის კანონის წინაშე სათანადოდ აგებს პასუხს.