ცხელი ხაზი: 292 00 55
1 – 3 ნოემბერს, ქ. წყალტუბოში, პროექტის “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/ PROLoG) – ის მხარდაჭერით, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისა და კონსულტანტებისათვის ტარდება ტრენინგი თემაზე: სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის აქტუალური საკითხები.
ტრენინგს უძღვებიან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები მზია თოდუა და ეკატერინე გასიტაშვილი.
შეხვედრა მიზნად ისახავს მოსამართლეებსა და იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების მიერ გამოცდილების გაზიარებას და პრობლემური საკითხების მიმოხილვას. განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა: სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის აქტუალური საკითხები, მხარდაჭერის სამართლის გერმანული და ქართული მოდელების შედარება, დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი, მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობათა განხილვა, არასრულწლოვნების ჩართვა პროცესში მხარის
სტატუსით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს როლი და სხვა.
პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით, ტრენინგის მონაწილეებს პრეზენტაცია წარუდგინა იმერეთის–ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატმა სოფიო ყუბანეიშვილმა.
ტრენინგის მონაწილეებმა, მოსამართლეებთან ერთად შეასრულეს რამდენიმე პრაქტიკული სავარჯიშო.