იურიდიული დახმარების სამსახურში 2015 წლიდან ვმუშაობ. თავიდან კონსულტანტად დავიწყე მუშაობა. ამჟამად სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების მიმართულების ადვოკატი ვარ.

კონსულტანტად მუშაობის წლებს თბილად ვიხსენებ, რადგან რამდენიმე ათას ადამიანს დავეხმარე. ჩემი ადვოკატობის ისტორია ასობით წარმოებულ და დასრულებულ საქმეს ითვლის. ამჟამად დაახლოებით 90  მიმდინარე საქმეზე ვმუშაობ. 

წარმატებულ საქმეებს შორის გამოვყოფდი სამოქალაქო დავის შემთხვევებს, რომლებსაც ხშირად სამართლებრივი სირთულე ახასიათებს.  წარუმატებლად  ისეთ საქმეებს ჩავთვლიდი, როდესაც პერსპექტიულ საქმეზე ბენეფიციარს, საკუთარი გადაწყვეტილებით, დავა ზემდგომ ინსტანციაში აღარ გაუგრძელებია და საქმე ასე დახურულა.

ჩვენს საქმიანობაში ნდობის ფაქტორი დიდ როლს თამაშობს. რა თქმა უნდა, ნდობის მოპოვების მზა რეცეპტი არ არსებობს, თუმცა, პირველი კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამ დროს, პირველი შეხვედრისას, ჩვენი ამოცანაა, ბენეფიციარს კარგად და ნათლად ავუხსნათ, რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს. ეს ქმნის ნდობის საფუძველს. რაც უფრო ხშირი ურთიერთობა გვაქვს ბენეფიციარებთან და რაც უფრო მეტი მოქმედებაა ჩვენი მხრიდან შესასრულებელი, მით უფრო მაღალია მათი ნდობის ხარისხი.

სასამართლოში მოგებული საქმე ყველასთვის სასიხარულოა. როდესაც მოსამართლე ამბობს: “სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა“, ადვოკატებსაც და ბენეფიციარებსაც ერთნაირად გვიხარია.

ვცდილობ, რომ ჩემს და ბენეფიციარებს შორის ურთიერთობა მოქნილი და ინტენსიური იყოს. მათთვის პრაქტიკულად მუდმივად ხელმისაწვდომი ვარ, რაც ჩემთვის სულაც არაა ტვირთი. ხშირად არასამუშაო დროს მიკავშირდებიან. ვცდილობ, დავეხმარო და მათ სამსახურში ვიყო. შეხვედრები, ძირითადად, იურიდიული დახმარების ბიუროში ან სასამართლოს შენობაში გვაქვს, მაგრამ, თუ საჭიროა, ჩვენს კლიენტებს სახლშიც ვაკითხავ.
ჩვენი ბენეფიციარები სულ უფრო აქტიურად სარგებლობენ ონლაინ კონსულტაციის შესაძლებლობით. ეს შედარებით ახალი სერვისია, რომელიც მოსახერხებელია როგორც ბენეფიციარებისათვის, ასევე იურიდიული დახმარების სამსახურის კონსულტანტებისა და ადვოკატებისათვის. ბენეფიციარებს არ უწევთ სახლიდან გასვლა, მგზავრობა და შემდეგ რიგში დგომა.

ადამიანის დახმარების სურვილი შინაგანი მოთხოვნილებაა. სწორედ ამ შეგნებით გავხდი ადვოკატი. უფლებადამცველის პოზიციიდან ჩემს ადამიანურ სურვილს კანონების ცოდნა ამყარებს.

საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით დადგენილია, რომ არცერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს დაცვის უფლების გარეშე, მით უფრო ის პირები, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა, საკუთარი სახსრებით დაიქირაონ უფლებადამცველი. 

ჩვენი სამსახური სწორედ ამ საქმეს ემსახურება. მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ფინანსურ შესაძლებლობას მოკლებულია, კვალიფიციურ იურიდიულ დახმარებას უწევს. მიხარია, რომ ამ საქმეში ჩემი წვლილი შემაქვს.