ცხელი ხაზი: 292 00 55
2003 წელს დავამთავრე თბილისის იურიდიულ–ფსიქოლოგიური ინსტიტუტი, მას შემდეგ იურიდიულ პრაქტიკას ვეწევი. იურიდიული დახმარების სამსახურში 2008-2011 წელს ვმუშაობდი და 2015 წელს ისევ აქ დავბრუნდი. ეს ჩემი ყველაზე ხანგრძლივი საადვოკატო პრაქტიკაა.
იურიდიულ დახმარებაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. ამ წლების განმავლობაში ბევრ ადამიანს გავუწიეთ დახმარება. ამჟამად 100 მიმდინარე საქმე მაქვს. ეს საშუალო მონაცემია. როგორც წესი, ერთდროულად უფრო მეტ საქმეს ვუძღვები.
არის საქმეები, რომლებსაც არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ ემოციური სირთულეც ახასიათებს. ამის მაგალითია საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი არასრულწლოვანი ბიჭის საქმე. მისი ოჯახი სამშობლოში ამოხოცეს და ბიჭი სრულიად მარტო დარჩა. წარმოშობის ქვეყნიდან მამის მეგობრის დახმარებით გამოიქცა, რომელმაც პასპორტში მისი ასაკი შეაცვლევინა, ერთი წლით მეტი ჩააწერინა და ამ გზით დაატოვებინა ქვეყანა. ბიჭი საქართველოში ჩამოვიდა და 2013 წლიდან თავშესაფარს ითხოვდა. უშედეგოდ გაიარა სასამართლოს ერთი ინსტანცია და აპელაცია, ხოლო 2016 წელს იურიდიული დახმარების სამსახურს მიმართა. ჩვენ განმეორებით მივმართეთ სასამართლოს და, საბედნიეროდ, მისი დახმარება შევძელით. მიხარია, რომ ეს საქმე მოვიგეთ. დღეს ამ ადამიანს მიუსაფრის სტატუსი აღარ აქვს, განწირული და მარტოსული არაა და საქართველოში უსაფრთხოდ ცხოვრობს.
ბენეფიციარების ნდობას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს სწორი და სრული ინფორმაციის მიღებაში გვეხმარება. ჩვენთან აღელვებული, ხშირად დათრგუნული და განადგურებული ადამიანები მოდიან. ისინი ეჭვებითა და შიშებით არიან შეპყრობილი. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა მაშინ, როდესაც საქმე საოჯახო დავას ან ოჯახურ ძალადობას ეხება. ამ დროს ადვოკატის ამოცანაა, არა მხოლოდ სამართლებრივი ფაქტები დაადგინოს, არამედ ახლობლისა და ფსიქოლოგის როლიც მოირგოს, ადამიანურად მოუსმინოს ბენეფიციარს, მისი მდგომარეობა გაიზიაროს და გულშემატკივრის პოზიციიდან ფრთხილად დაუსვას კითხვები მტკივნეულ თემაზე. სწორედ ასეთი გულახდილობა და ურთიერთნდობაა თანამშრომლობის სწორი დასაწყისი, რომელიც მომგებიანი სტრატეგიის შემუშავებას განაპირობებს.
კიდევ ერთ შემთხვევას გავიხსენებ, რომელიც ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანს, აფხაზეთიდან დევნილს ეხებოდა. ჩვენი პირველი შეხვედრა წარუმატებელი იყო, რადგან მოქალაქე აგრესიულად იყო განწყობილი. თანაც, არარეალურ მოთხოვნებს აყენებდა, რაც მისთვის აუცილებლად კრახით დასრულდებოდა. ვთხოვე, რომ ჩემთვის კიდევ ერთი შანსი მოეცა და შემხვედროდა, რადგან მინდოდა, რომ ჩემს პოზიციაზე დამეყოლიებინა. ასეც მოხდა. ჩვენმა ერთობლივმა მუშაობამ მას პროცესის რეალური წინსვლა დაანახა. საბოლოოდ, საქმე ჩვენ მოვიგეთ, რაც ორივესთვის ძალიან სასიხარულო იყო.
საქართველოში უამრავი სოციალურად დაუცველი ადამიანია, რაც იურიდიული დახმარების სამსახურს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს. იურიდიული დახმარება ისეთივე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც ჯანდაცვის გამართული სისტემა.
ჩვენმა საზოგადოებამ საბჭოთა სისტემის ნგრევა და საბაზრო ეკონომიკის მშენებლობა გამოიარა. ახლა ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დაფუძნებულ საზოგადოებას ვაშენებთ. ამ პროცესში იურიდიული დახმარების სამსახურს დიდი მისია აკისრია.
ვისურვებდი, რომ მომავალში ისეთ საქართველოში გვეცხოვრა, სადაც დაუცველი და გაჭირვებული ადამიანები აღარ არიან და არც იურიდიული დახმარების სამსახურია საჭირო. მაგრამ დღეს ჩვენ ძალიან ვჭირდებით ჩვენს თანამოქალაქეებს და მზად ვართ მათ დასახმარებლად.