ცხელი ხაზი: 292 00 55
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, 2018 წლის 3 დეკემბერს იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის–თელავის ბიუროს თანამშრომლებმა – ალექსი ტუსნიაშვილმა და მინარი მურღვაშვილმა შეხვედრა გამართეს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყალის (პანკისის ხეობა) საზოგადოებრივ ცენტრში. საზოგადოებრივი ცენტრი მდებარეობს პანკისის ხეობის ორი სოფლის ყვარელწყალისა და დუისის საზღვარზე. შესაბამისად, აქ ორივე სოფლის მოსახლეობას ინტენსიურად ეხმარებინ.
შეხვედრის მთავარი თემა იყო „ქალთა მიმართ ძალადობა ან/და ოჯახში ძალადობა“, რის შესახებაც დამსწრეებს წარედგინათ სპეციალური პრეზენტაცია.
აღინიშნა, რომ დღევანდელ საზოგადოებაში საქართველოს კანონმდებლობით ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა საზოგადოებისათვის მიუღებელია. მოძალადეების მიმართ ჰუმანური დამოკიდებულება არ იწვევს მსხვერპლთა მდგომარეობის გაუმჯობესებას. იურისტებმა ასევე ხაზი გაუსვეს გლობალური კამპანიის ერთ-ერთ მთავარ მესიჯს, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დაძლევა საერთო საქმე და საერთო პასუხისმგებლობაა. რადგან ძალადობის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საზოგადოების დამოკიდებულებებია, გადამწყვეტი როლი პრობლემის აღმოფხვრასა და პრევენციაში, სწორედ, საზოგადოებას ეკისრება. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ გააცნობიეროს, რომ თვალის დახუჭვა, გულგრილობა, გვერდზე გადგომა დაუშვებელია და სავალალო შედეგებამდე მივყავართ. თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს, რომ თოთეული ადამიანის ერთი ზარი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს და რომ ძალადობის დაძლევა საერთო საქმეა.
გარდა აღნიშნულისა, სოფლებს მცხოვრებლებმა მიიღეს ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ. ისინი გაეცნენ უფასო სამართლებრივი დახმარების გაწევის პირობებს. შეხვედრაზე დარიგდა სამსახურის სპეციალური ბუკლეტები და დამსწრეებს ადგილზე გაეწიათ კონსულტაციები მოქალაქეობის მინიჭების, მხარდაჭერის მიმღებთა და მხარდამჭერთა დანიშვნის კანონმდებლობით გათვალისწინებულ წესებზე, საოჯახო სამართლებრივ საკითხებზე.