ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე გლობალური კამპანიის ფარგლებში,  იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს კონსულტანტი ნინო შარაშიძე და საზოგადოებრივი ადვოკატი ნატო ირემაძე,   2018 წლის 7 დეკემბერს  შეხვდნენ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს, ქ. ბათუმის „მეგობრობის სახლში“, რომელშიც გაერთიანებულია უკრაინული, სომხური, ბერძნული, აზერბაიჯანული, იეზიდური და  სხვა დიაპორების ორგანიზაციები. 

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ეროვნულ უმცირესობათა  ინფორმირება  ქალთა უფლებების, ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანობის, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობის,  ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებებსა და მათი დაცვის სახელმწიფო მექანიზმებზე და საშუალებებზე.  ქალბატონებს განემარტათ ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებები, მათი დაცვის და მოძალადისაგან განრიდების საშუალებები და მექანიზმები, „შემაკავებელი“ და „დამცავი“ ორდერების მნიშვნელობა, ვადები, გამომცემი ორგანოები, თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების როლი და ფუნქციები, ძალადობის აღკვეთის სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ–სამართლებრივი მექანიზმები და უამრავი სხვა.  

იურისტებმა ხაზგასმით წარმოადგინეს იურიდიული დახმარების სამსახურის როლი ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის საკითხებში - ცნობილია, რომ  იურიდიული დახმარების სამსახური უფასოდ უწევს ბენეფიციარებს მათი გადახდისუნარიანობის მიუხედავად, იქნება ეს  სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა, დოკუმენტების შედეგა თუ  საადვოკატო წარმომადგენლობა.

შეხვედრაზე  დამსწრეებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და მოიყვანეს მაგალითებიც ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით. იურისტების მხრიდან გაეცა პასუხები დასმულ შეკითხვებს მათთვის საინტერესო საკითხებზე და შეხვედრის ბოლოს დამსწრეთ დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებებისა და დაცვის მექანიზმების და ასევე იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის, ფუნქციებისა და კრიტერიუმების შესახებ ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.