ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე გლობალური კამპანიის ფარგლებში, 2018 წლის 10 დეკემბერს საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში ერთობლივი შეხვედრა გამართეს კახეთის–სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიუროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს მინისტრის აპარატის  და შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა. 

როგორც ცნობილია,  იორმუღანლო აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფელია. შეხვედრის მონაწილეთა უმრავლოსობას წარმოადგენდნენ  ადგილობირივი მცხოვრებლები, იორმუღანლოს სკოლის მასწავლებლები. მათ მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია  თემაზე „ქალთა მიმართ ძალადობა ან/და ოჯახში ძალადობა“  და კამპანიის მთავარი მესიჯები. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოს პრიორიტეტია. ოჯახში ძალადობა არ არის ოჯახური საქმე, ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევის ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი და გავრცელებული ფორმა, რომელსაც აღიარებს და ებრძვის საქართველოს მთავრობა. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის მიზნით შექმნილია ძლიერი საკანონდმებლო ბაზა და მობილიზებულია სახელმწიფო რესურსები იმისათვის, რომ მოხდეს დამნაშავეთა გამოვლენა, დასჯა და მსხვერპლთათვის ეფექტიანი დახმარების აღმოჩენა. 

შეხვედრის ბოლოს მოსახლეობას დაურიგდა ძალადობის საკითხებზე აზერაბაიჯანულად და ქართულად დაბეჭდილი საინფორმაციო ბუკლეტები, რომელიც გაეროს ქალთა ორგნიზაციის დახმარებით მომზადდა.