სამეგრელოს-ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი ზაზა კვირველია 2018 წლის ივლისის თვიდან სავალდებულო წესით იცავდა ბრალდებულ თ.ყ.-ს ინტერესებს - მან არ იცოდა სამართალწარმოების ენა.

თ.ყ.-ს ბრალი ედებოდა  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლით (ქურდობა - თითქოსდა მან ფოთში მცხოვრებ ერთ-ერთ პირს მობილური ტელეფონი მოჰპარა)  და  სასჯელის სახით ემუქრებოდა  თავისუფლების აღკვეთა ექვსიდან ათ  წლამდე ვადით. საზოგადოებრივი ადვოკატი  საქმეში ჩართვისთანავე  შეხვდა დასაცავ პირს,  გაუწია შესაბამისი კონსულტაცია და პოზიცია შეაჯერა. შემდგომ ეტაპზე კი ზაზა კვირკველიამ თავად მოიპოვა სხვადასხვა სახის მტკიცებულება აღნიშნულ საქმეზე და სასამართლოს წარუდგინა.

სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ დაზარალებული, მოწმეები,  ექსპერტები და საქმის მწარმოებელი გამომძიებლები. თავად ბრალდებული თავს დამნაშავედ არ  ცნობდა  და ასევე არ არსებობდა მისი ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამიტომ დაცვის მხარემ ბრალდებულის უდანაშაულოდ ცნობა მოითხოვა.  

2018 წლის 10 დეკემბერს ფოთის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა საზოგადოებრივი ადვოკატის პოზიცია და ბრალდებული თ. ყ.  უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.