ცხელი ხაზი: 292 00 55
იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს წარმომადგენლები - კონსულტანტი ნინო შარაშიძე და ადვოკატი გვანცა თურმანიძე, 2018 წლის 21 დეკემბერს, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში“, დევნილთა კავშირის “ერთობა თანადგომისათვის“ ბენეფიციარ ქალბატონებს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ბენეფიციართა მაქსიმალურად ინფორმირება, როგორც ზოგადად ქალთა უფლებების, ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანობის, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობის, ასევე ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებებსა და მათი დაცვის სახელმწიფო მექანიზმებზე და საშუალებებზე. ბენეფიციარებს განემარტათ ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებები, მათი დაცვის და მოძალადისაგან განრიდების საშუალებები და მექანიზმები, შემაკავებელი და დამცავი ორდერის მნიშვნელობა, ვადები, გამომცემი ორგანოები, თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების როლი და ფუნქციები, ძალადობის აღკვეთის სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ–სამართლებრივი მექანიზმები და უამრავი სხვა.
შეხვედრა გაიმართა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში.
იურისტების მხრიდან გაეცა პასუხები ბენეფიციართა შეკითხვებს მათთვის საინტერესო სამართლებრივ საკითხებზე და დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებებისა და დაცვის მექანიზმების, უძრავი ქონების რეგისტრაციისა და ასევე იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ.