იმერეთის-ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატის ვალერი კვანტალიანის ძალისხმევით, 2018 წელს, ქუთაისში მცხოვრები ორი ახალგაზრდა განრიდების პროგრამაში ჩაერთო. 

ქუთაისის პროკურატურის მიერ არასრულწლოვან თ.რ.-ს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 178.1-ე მუხლით (ძარცვა), ხოლო 21-წლამდე ახალგაზრდა პირს, ნ.ა.-ს კი, ამავე კოდექსის 177.3-ე მუხლით (ქურდობა). ორივე შემთხვევაში, არასრულწლოვანთა საქმეებზე სპეციალიზებულმა ადვოკატმა ვალერი კვანტალიანმა თავისი დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან და მათ წარმომადგენლებთან ერთად შეიმუშავა დაცვის სტრატეგია და გადაწყვიტა ახალგაზრდები განრიდების პროგრამაში ჩაერთო, რადგან არსებობდა კანონით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა აღნიშნულის განსახორციელებლად. თუმცა ბრალდების მხარემ ორივე შემთხვევაში გამოძიების ეტაპზევე უარი განაცხადა განრიდების გამოყენებაზე.

დაცვის მხარემ საქმის სასამართლო ეტაპზე კვლავ იშუამდგომლა არასრუწლოვნის მიმართ სისხლის სამართლის ალტერნატიული ღონისძიების გამოყენების თაობაზე. ორივე საქმეზე სასამართლომ დაცვის შუამდგომლობით მოითხოვა ე.წ. „შეფასების ანგარიშები“, სადაც ასახული იყო ბენეფიციართა ყოფითი გარემო და ყოველდღიური ცხოვრების წესი. ანგარიშებში ეწერა, რომ არასრულწლოვან თ.რ-ს წარმატებები ჰქონდა სპორტში, ქორეოგრაფიაში, კარგად სწავლობდა სკოლაში, ზრუნავდა უმცროს დაზე, რადგან დედა საზღვარგარეთ იმყოფებოდა, მანვე, თავის დროზე, მეზობლად გაჩენილი ხანძრის დროს პატარა ბავშვი და მისი ბებია  თავისი ჯანმრთელობის რისკის ფასად გადაარჩინა.  ასევე დადებით იყო  ბრალდებულ ნ.ა-ს შეფასებაც. იგი ავტოსამრეცხაოში მუშაობდა და თანამშრომლების მიერ ხასიათდებოდა, როგორც პატიოსანი და დაუზარელი პიროვნება. ამის მიუხედავად, ბრალდების მხარე, დანაშაულების  კატეგორიიდან გამომდინარე, კვლავ განრიდების გამოყენების წინააღმდეგი იყო.

საბოლოოდ, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ორივე შემთხვევაში გაიზიარა საზოგადოებრივი ადოკატის პოზიცია და  უარყოფილი იქნა ბრალდების მხარის ყველა არგუმენტი. საქმე განრიდების გამოყენების მოტივით დაუბრუნდა პროკურატურას. შესაბამისი გადაწყვეტილების შემდეგ, ორივე ბენეფიციარმა განრიდების პირობა ზედმიწევნით შეასრულა.