ცხელი ხაზი: 292 00 55
2019 წლის იანვარში იურიდიული დახმარების სამსახურს მომართა სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წარმომადგენელმა შ.ი.-მ და სამართლებრივი დახმარება ითხოვა შპს „პრობლემური აქტივების ბიუროსთან“ წარმოშობილ დავაში.
ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტი დავით ჯიქია ბენეფიციარს გაესაუბრა, გაეცნო საჭირო დოკუმენტაციას, მათ შორის, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც ბენეფიციარს ავალებდა გადაეხადა ათას ორას ლარამდე თანხა აღნიშნული კომპანიის სასარგებლოდ.
დავით ჯიქიამ შ.ი.-ს გაუწია სამართლებრივი კონსულტაცია - ურჩია, თუ როგორ უნდა დაეცვა თავისი უფლებები სასამართლო პროცესზე. ამის გარდა, მოუმზადა საჩივარი, სადაც შესაბამისი სამართლებრივი ნორმების მითითებით მოთხოვნილი იყო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განახლება.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა კონსულტანტის მიერ შედგენილ იურიდიულ დოკუმენტში ასახული სამართლებრივი დასაბუთება. შესაბამისად, 2019 წლის 7 თებერვალს გაუქმდა სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება შ.ი.-ს საქმეზე და განახლდა საქმის წარმოება, რის შედეგადაც შ.პ.ს „პრობლემური აქტივების ბიურომ“თავისი სარჩელი გამოიხმო.