ცხელი ხაზი: 292 00 55
27 თებერვალს, იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციულ ოფისში, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილმა გაცნობითი სახის შეხვედრაზე მოიწვია იურიდიული დახმარების ბიუროების უფროსები. თორმეტივე ბიუროს ხელმძღვანელმა ისაუბრა ისეთ ძირითად საკითხებზე, როგორიცაა ბიუროში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა; საქმეებით დატვირთულობის სტატისტიკა; ბიუროს სამოქმედო ტერიტორია; მიმდინარე გამოწვევები.
ბიუროს უფროსებმა ჩამოთვალეს ის აქტუალური პრობლემები, რომელსაც დროული გადაჭრა სჭირდება. ხაზი გაესვა ოფისების ადაპტაციის, არასრულწლოვანზე მორგებული ოთახების მოწყობის საჭროებებს და სხვა საკითხებს, რომელთა თანმიმდევრული მოგვარება ბიუროების მუშაობას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.
სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა ყურადღებით მოისმინა თბილისსა და რეგიონულ ოფისებში არსებული პრობლემების შესახებ. მან განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში გააქტიურდება ადმინისტრაციის მუშაობა რამდენიმე მიმართულებით, რათა გაუმჯობესდეს იურიდიული დახმარების სამსახურში დასაქმებული ადვოკატებისა და კონსულტანტების სამუშაო პირობები. ამისათვის მოხდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებაც.
რაჟდენ კუპრაშვილმა დამატებით განაცხადა, რომ მის პრიორიტეტებშია, ასევე, ადვოკატების მიერ გაწეული საქმიანობის ხარისხის შეფასების სისტემის სწორად დანერგვა. მისი აზრით, შეფასების მექანიზმი უნდა იყოს ორიენტირებული ადვოკატის მომსახურების გაუმჯობესებაზე, კლიენტის კმაყოფილებაზე, საზოგადოებრივი ადვოკატის პრესტიჟის ამაღლებაზე.
ბოლოს, დირექტორის მოადგილემ, ირაკლი შონიამ შეაჯამა შეხვედრა და ბიუროს უფროსებს ყველა მიმართულებით მხარდაჭერის აღმოჩენას დაჰპირდა.