ცხელი ხაზი: 292 00 55
2019 წლის 18 იანვარს, ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა ქალმა თ.კ.-მ სამართლებრივი კონსულტაციის მიღების მიზნით მომართა იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის–სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიუროს. ბენეფიციარმა განაცხადა, რომ თავისი დები წლების განმავლობაში მასზე ახორციელებდნენ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. ერთ-ერთ შემთხვევაზე, როცა მისმა დებმა სცადეს თ.კ-ს სახლიდან გამოგდება და მიაყენეს მას და მის შვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ბენეფიციარმა პოლიციას მიმართა. აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მოძალადეების მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი ერთი თვის ვადით და თ. კ. თავის არასრულწლოვან შვილთან ერთად სიღნაღის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში გადაიყვანეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გამოცემულ შემაკავებელ ორდერს ვადა გასდიოდა 2019 წლის 21 იანვარს, შესაბამისად, თ. კ. ვალდებული იყო თავის არასრულწლოვან შვილთან ერთად დაეტოვებინა თავშესაფარი. ბენეფიციარმა ითხოვა, რომ მოძალადეების მიმართ გამოცემული ყოფილიყო დამცავი ორდერი, რადგან კიდევ მის მიმართ ძალადობის განხორციელების საფრთხე კიდევ არსებობდა.
ბენეფიციარს სამართლებრივი კონსულტაცია გაუწია, სამართლებრივი დოკუმენტები შეუდგინა და სასამართლოში წარმომადგენლობა გაუწია ადვოკატმა ბექა ჯავახიშვილმა. მან მოქალაქეს მოუმზადა განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოში წარმომადგენლობაც გაუწია.
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით ოჯახური ძალადობის მსხვერპლის, თ. კ.-ს განცხადება სრულად დააკმაყოფილა და მოძალადეების მიმართ გამოსცა დამცავი ორდერი ექვსი თვის ვადით. დამცავ ორდერში მსხვერპლის მოთხოვნის საფუძველზე, ასევე მიეთითა, რომ მოძალადეები ორდერის მოქმედების პერიოდში განრიდებულნი იქნენ მისი საცხოვრებელი ადგილიდან.
აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც 2019 წლის 1 მარტს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.