ცხელი ხაზი: 292 00 55
2019 წლის 5 აპრილს, იურიდიული დახმარების საბჭომ მიიღიო გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის №3/3094-16 გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით.
იხილეთ შინაარსი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის №3/3094-16 გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ხათუნა ჩხაიძის, თამარ გაბოძის, იოსებ ნატროშვილის, მამუკა ბასილაშვილის, იმედა ქარქაშაძის, გვანცა გუგეშაშვილის, დიანა ფირუმიანის, ანნა შიშნიაშვილის, ირმა ინასარიძის, მილერინა მემანიშვილის, პაატა მეხრიშვილის, ნინო მჭედლიშვილის, მევლუდი ჯანჯღავას, გიორგი მდინარაძის, გიორგი რამაზაშვილის, სოფო გოგლიჩიძის, მაია ტალახაძის, ნინო ტაბატაძისა და ირაკლი ესიავას სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილ იყო სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის იურიდიული დახმარების საბჭოს 2016 წლის 2 მარტის N39 გადაწყვეტილების (,,სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“) ბათილად ცნობა.
იურიდიული დახმარების საბჭომ, იმსჯელა რა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის №3/3094-16 გადაწყვეტილების ფარგლებში, შეთანხმდა მისი აღსრულების მექანიზმებზე. კერძოდ, სასამართლო წესით დავის გაგრძელების ნაცვლად, საბჭომ გადაწყვიტა გაწეული იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასებასთან დაკავშირებით საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისა და საქმეში ჩართული ყველა მხარისთვის მისაღები შეფასების სისტემის შემუშავების მიზნით, გააგრძელოს ერთობლივი მუშაობა იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატთა ფართო ჩართულობით.
გვსურს აქვე დავძინოთ, რომ ჩვენთვის ფრიად მნიშვნელოვანია შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ის სტრატეგიული ამოცანა, რომელიც სამსახურს, როგორც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ორგანიზაციას, ავალდებულებს შექმნას გაწეული მომსახურების ხარისხის შეფასების ეფექტური სისტემა. თუმცა, ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი და ღირებულია სამსახურში დასაქმებული თითოეული ადვოკატის მოსაზრებების მოსმენა, მათი პროფესიის განხორციელების თავისუფლება და საადვოკატო საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილი პრინციპების დაცვა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, იურიდიული დახმარების საბჭო მზადაა სამუშაო ფორმატში დაიწყოს თანამშრომლობა პროცესში მონაწილე ყველა მხარესთან და იმედს გამოთქვამს, რომ თანამშრომლობის ეს ფორმატი წარმატებული და ნაყოფიერი გამოდგება.