2019 წლის 19 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს ადვოკატებმა ნატო ირემაძემ და ლაშა რომანაძემ, ასევე, კონსულტანტმა ნინო შარაშიძემ  გასვლითი სასემინარო  შეხვედრა ჩაატარეს ბათუმის #3 საჯარო სკოლის, მე–10, მე–11, კლასის მოსწავლეებთან. შეხვედრის მთავარ მიზანი იყო საჯარო სკოლის მოსწავლეების სამართლებრივი დონის ამაღლება, მათი მაქსიმალურად ინფორმირება სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით.

შეხვედრის დასაწყისში აჭარის ბიუროს კონსულტანტმა წარადგინა პრეზენტაცია სამსახურის სერვისების შესახებ  და მიმოიხილა იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის, ჩამოყალიბების და ფუნქციები, ისაუბრა უფასო იურიდიული კონსულტაციის ყველასათვის ხელმისაწვდომობისა და იურიდიული დახმარების გაწევის, როგორც ძირითადი, ასევე საგამონაკლისო კრიტერიუმების შესახებ. 

ადვოკატებმა ბავშვებს მიაწოდეს ინფორმაცია სისხლის სამართლის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, ცალკეული დანაშაულებები, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ცივი იარაღის ტარება, ხულიგნობა, დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ,  არასრულწლოვნის უფლებები და მოვალეობები, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირის სტატუსი, უდანაშაულობის პრეზუმფცია, პასუხისმგებლობის ასაკი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხები და ა. შ. 

 ყურადღება გაამახვილეს ოჯახში ძალადობის ფაქტებზე, მსხვერპლთა უფლებებზე, მათი დაცვის და მოძალადისაგან განრიდების საშუალებებსა და მექანიზმებზე, შემაკავებელი და დამცავი ორდერის მნიშვნელობაზე, ვადებზე, თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების როლსა და ფუნქციებზე და ა.შ. 

შეხვედრა გაგრძელდა კითხვა–პასუხის რეჟიმში.  ასევე მოსწავლეებმა დააფიქსირეს თავიანთი აზრი სხვადასხვა სამართლებრივ თემასთან დაკავშირებით. შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებს გადაეცათ საინფორმაციო ბუკლეტები იურიდიული დახმარების სამსახურის და ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებებისა და დაცვის მექანიზმების შესახებ.