ცხელი ხაზი: 292 00 55
2019 წლის 15 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და მისმა მოადგილემ ირაკლი შონიამ სისხლის სამართლის რეფორმის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში მიიღეს მონაწილეობა.
სხდომაზე წარდგენილი იყო კომისიის 2018 წლის პროგრესის ანგარიში და სისხლის სამართლის რეფორმის განახლებული სექტორული სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ მოკლედ მიმოიხილა საბჭოს წევრი უწყებების გასული წლის საქმიანობის ანგარიში და შემდეგ ორგანიზაციების წარმომადგენლები 2019-2020 წლების სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების განსახილველად მიიწვია. სხდომას ასევე ესწრებოდნენ სამართლის ექსპერტები სხვადასხვა დონორი ორგანიზაციიდან.
იურიდიული დახმარების სამსახურის 2019-2020 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა სპეციალური პრეზენტაციით წარადგინა დირექტორის თანაშემწე სოფიო ნუცუბიძემ. აღნიშნული დოკუმენტში გაწერილია კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც სამსახურის ინსტიტუციური განვითარებისთვის აუცილებელია.
მცირე დისკუსიის შემდეგ, სხდომის მონაწილეებმა დაამტკიცეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის 2019 წლის სტრატეგია და 2019–2020 წლების სამოქმედო გეგმა.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებს. თითოეულმა უწყებამ წარმოადგინა თავისი ხედვა და მიმართულება, რაც რეფორმის წარმატებით გახორციელებისათვის იქნება საჭირო.