სამეგრელოს-ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი ზაზა კვირკველია, შსს ფოთის საქალაქო სამმართველოს მიმართვის საფუძველზე იცავდა ძებნაში მყოფი ბრალდებულის, გ. ც.-ს ინტერესებს. მას ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებრივად სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე. 

გ.ც.-ს დაუსწრებლად ჰქონდა შეფარდებული პატიმრობა და მიმალვაში მყოფი, წინასასამართლო სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე დააკავეს. ზაზა კვირკველიამ დასაცავ პირთან პოზიცია შეაჯერა და შედგომ ეტაპზე მოიპოვა დამატებითი მტკიცებულებები, მოამზადა შუამდგომლობები და  სასამართლოს წარუდგინა. 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე  გამოცხადდნენ დაზარალებული და მოწმე, რომლებმაც უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე. დაიკითხნენ საქმის მწარმოებელი გამომძიებლები, მოწმეები, ასევე ბრალდებულიც. გამოკვლეულ იქნა მხარეთა წერილობითი მტკიცებულებები.

დაცვის მხარე  გ.ც.-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანს მოითხოვდა, ვინაიდან ბრალდებული თავს არ ცნობდა დამნაშავედ, ასევე არ არსებობდა მისი ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები. 

საბოლოოდ, 2019 წლის 10 აპრილს ფოთის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული გ.ც. უდანაშაულოდ ცნო და მის მიმართ გამოტანილი იქნა გამამართლებელი განაჩენი.