2019 წლის 31 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციულ ოფისში პირველად შეიკრიბა  საკონსულტაციო საბჭო, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის, რაჟდენ კუპრაშვილის ახალი ინციატივით შეიქმნა.

საკონსულტაციო საბჭო არის დირექტორის საკონსულტაციო ორგანო,  რომელიც შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს სამსახურის მიმდინარე საკითხებზე რეაგირებისა და სამსახურის ინსტიტუციურ განვითარებასთან დაკავშირებით.

 საბჭოს შედგება 9 წევრისაგან და  იგი დაკომპლექტებულია იურიდიული დახმარების სამსახურის საზოგადოებრივი ადვოკატებისა და კონსულტანტებისაგან, რომელთა ნაწილი დირექტორის, ნაწილი კი - ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების მიერ არის შერჩეული.

შეხვედრაზე რაჟდენ კუპრაშვილმა საკონსულტაციო საბჭოს წევრებს დეტალურად გააცნო სამსახურის მოკლე და გრძელვადიანი გეგმები, მიაწოდა ინფორმაცია განგრძობითი განათლების სისტემის დანერგვის, ახალი საკონსულტაციო ცენტრებისა და ბიუროების ამოქმედების შესახებ. საბჭოს წევრებმა იმსჯელეს ადვოკატთა ანაზღაურების წესისა და გაწეული საქმიანობის შეფასების ახალი სისტემის თაობაზე.