ცხელი ხაზი: 292 00 55
2019 წლის 6 ივნისს, სამეგრელოს-ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი რომან კეიდია და იურისტ-კონსულტანტი ნინო მინჯია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრაზე სოფლის მოსახლეობა დეტალურად გაეცნო საქართველოს კანონს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“, ასევე, იურიდიული დახმარების სამსახურის შესაბამის სერვისებს, მომსახურების გაწევის კრიტერიუმებსა და პირობებს.
შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვის 2019-2020 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში შედგა.
გარდა ამისა, დარჩელის თვითმმართველობის ადმინისტრაცია და სოფლის მცხოვრებლები დაინტერესდნენ საკუთრების რეგისტრაციისა და პრივატიზების, მემკვიდრეობის, მხარდამჭერის მიმღებად ცნობის, სოციალური დახმარების, პენსიის დანიშვნის და სხვა საკითხებით.
შეხვედრის ბოლოს დარიგდა საინფორმაციო ბროშურები.