დღეს, 27 ივნისს, წალკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციაში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც იურიდიული დახმარების სამსახურისა და ადგილობრივი უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ქვემო ქართლში იურიდიული დახმარების სამსახურის რუსთავის ბიურო და წალკის საკონსულტაციო ცენტრი ფუნქციონირებს.

ბიუროს თანამშრომლებმა წალკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის, მართლმსაჯულების სისტემისა და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის წარმომადგენლებს ვრცლად გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები და უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმები.

როგორც ცნობილია, წალკა, ქართველების გარდა ეთნიკური ბერძნებითა და სომხებით დასახლებული რეგიონია და ემიგრაციისა და იმიგრაციის საკითხები აქ დიდი ხანია აქტუალურია.

წალკის შეხვედრაზე, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა პირველად წარადგინა სამსახურის საინფორმაციო კამპანიის ახალი პროექტი "გაიგე მეტი მიგრაციის შესახებ", რომელიც განსაკუთრებით აქტუალური გახდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებისა და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შემდეგ.

სპეციალური პრეზენტაციით, იურიდიული დახმარების სამსახურის ანალიტიკოსმა ანა კვანტალიანმა აუდიტორიას გააცნო მოქალაქეობის მიღებისა და დაკარგვის, უცხოეთში თავშესაფრის მიღების, მოქალაქეობის დაკარვის, დეპორტაციის საკითხები, მიგრანტთა მხარდაჭერის პროგრამები და ა.შ.